სკოლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა“ ბრუნდება

152

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სექტერმბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა“ დაბრუნდება. მისი თქმით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი “დედა ენას“ უფასოდ მიიღებს.

“დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა – ეს არის განათლება, საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკვე კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ხელისფულება ვალდებული იქნება ბიუჯეტის მეოთხედი, ბიუჯეტის 25% მიმართოს განათლებაზე, მიმართოს ჩვენს ბავშვებსა და მომავლ თაობებზე. ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო შედგება როგორც წარმატებული და ერთიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში.

დღეს ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან, მინდა მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, რომ ჩვენ დაგვებრუნებინა ქართულ სკოლებში “დედა ენა“. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ ქართულ “დედა ენას“, როგორც უყვარდათ წინა თაობებს და როგორც გვიყვარს ჩვენ.

იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს როდესაც წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ ეს წიგნი გადაცემულიყო თაობიდან თაობას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა, ქართული ენა და ქართული ანბანი. შემდეგ მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი, მაგრამ სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან . სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა ,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.