კალაძე: “ლაგუნა ვერესთან“ გზის გაფართოებას აზრი არ აქვს

154

„ლაგუნა ვერესთან“ გზის გაფართოება მოძრაობას განტვირთავს, თუმცა საცობი 100 მეტრის მოშორებით, ხიდებთან განჩდება, ამიტომ ეს გაკეთებულ საქმედ ვერ ჩაითვლება, – ამის შესახებ “შაბათის ქრონიკის“ ეთერში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გზების გაფართოება არ არის საცობების პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა და ამ მიმართულებით კონცეპტუალური მიდგომა არის საჭირო.

“ჩვენ წელიწადნახევარია ვმუშაობთ ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“ და, სხვათა შორის ძალიან შედეგიანად. რამდენიმე თვეში გვექნება სრული პროექტი იმის, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაწყობა, როგორ უნდა მოძრაობდეს ავტობუსები მეტროსთან მიმართებაში, გვჭირდება თუ არა მიკროავტობუსები. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული.

რაც შეეხება კონკრეტული ქუჩების გაფართოებას, ჩვენ პრაქტიკულად მოველაპარაკეთ „ლაგუნა ვერესთან“ არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს, ყველა შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ აქ გაჩნდა ერთი პრობლემა. როდესაც „სისტრამ“ მოდელირება გააკეთა, აღმოჩნდა, რომ როდესაც ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გაფართოვდება გზა და მოძრაობა განიტვირთება, საცობი 100 მეტრში, ხიდებთან წარმოიშვება. ამიტომ დახარჯო ამაზე 11 მილიონი ლარი და პრობლემა პრობლემად დაგრჩეს, უბრალოდ ის 100 მეტრით იქით გადაწიო – ეს გაკეთებულ საქმედ ვერ ჩაითვლება. თუმცა ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, რათა დავადგინოთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებაზე დამატებით, რათა ეს პროექტი განხორციელებადი გახდეს“, – განაცხადა კალაძემ.