ცნობილია, როგორ შეიცვლება სატრანსპორტო მოძრაობის სქემა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დროს

385

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება, ამასთან, შეიცვლება მოძრაობის სქემები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე მოძრაობის აკრძალვა დაგეგმილია ვარაზისხევის ქუჩიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში. ასევე, ვაკეში რამდენიმე ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებში არსებული ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება.

პირველ ეტაპზე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება: კეკელიძის, პეტრიაშვილის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მონაკვეთებზე. ასევე, ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება: არაყიშვილის ქუჩის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთზე, აბაშიძის ქუჩაზე არაყიშვილიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით და ბარნოვის ქუჩა, მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილის ქუჩამდე.

მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად, დიდი ტევადობის ავტობუსები N9, N21, N51 და N88 გმირთა მოედნიდან ვაკის მიმართულებით საბურთალოს გავლით იმოძრავებენ.

გარდა ამისა, დროებით დამოკლდება N61, N87 და N140 ავტობუსების მარშრუტები, ხოლო, N34 და N59 ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭავჭავაძის გამზირთან დასაკავშირებლად კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩებს გაივლიან.

როგორც დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, ასევე, მოწესრიგდება საფეხმავლო ბილიკები და გამოცვლება განათებები. ამასთან, რეაბილიტაციის ფარგლებში მიწის ქვეშ ჩავა ელექტროგადამცემი ხაზები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი;

2.5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას 3 თვე დასჭირდა და პროექტისთვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯება.