საქართველოში ქართულ-ბელარუსული ტრაქტორების ამწყობი საწარმოს ამოქმედება იგეგმება

804

ბელარუსში ქართული პროდუქტის მაღაზიის გახსნა, საქართველოში კი ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს ამოქმედება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძისა და ბელარუსის ვიცეპრემიერ მიხეილ რუსის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

როგორც პრემიერის პრესსამსახურში განმარტავენ, ასევე, განიხილება ლიფტების ერთობლივი წარმოება და თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში, კერძოდ, საბორნე მიმოსვლის განვითარების პერსპექტივა და ბელარუსიდან წამოსული ტვირთის ტრანზიტი საქართველოში, უკრაინის გავლით.

“ბელარუსული მხარე დაინტერესებულია საქართველოში ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს შექმნით. შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი პარტნიორის მოძიებაში მათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაეხმარება.

ამასთან ერთად, ვიცეპრემიერმა რუსიმ გამოთქვა მზადყოფნა, ბელარუსმა მონაწილეობა მიიღოს თბილისსა და ბათუმში ავტობუსების ჩანაცვლების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში, ასევე, ქართულ ბაზარზე დაინტერესებულ მყიდველს მიაწოდოს ნებისმიერი სპეციფიკაციის ლიფტები.

ასევე, შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ბელარუსული მხარე იმუშავებს მინსკში სპეციალური ადგილის გამოყოფაზე, რომელიც “აგროჰაბის” კონცეფციის ქართული პროდუქტის მაღაზიას დაეთმობა”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.