გურჯაანის სოფელ ვაზისუბანში 7.3 ჰექტარზე კაკლის ბაღი გააშენეს

1165

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, სახელმწიფო პროექტის “დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ფერმერმა მალხაზ ჩუგოშვილმა ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გააშენა.

მალხაზ ჩუგოშვილი პროექტში 2017 წელს ჩაერთო და 7.3 ჰა-ზე კაკლის ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 43 000 ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღო, რომლისგანაც 24 944 ლარი ნერგების თანადაფინანსებისთვის, ხოლო 18 325 ლარი საირიგაციო სისტემისთვის იყო განკუთვნილი.

აღსანიშნავია, რომ მალხაზ ჩუგოშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით “Global Gap-ის” პირველადი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატის აიღებას გეგმავს.

“პროექტის “დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 6 565 ჰექტარზეა დაფინანსებული. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 35 414 767 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 2 562 ჰა მიწის ფართობზე.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს “ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას”, – განმარტავენ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში.