იაპონიაში “საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო მიიღო

1103

სხვადასხვა დასახელების 24-მა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსში “საკურა“ უმაღლესი ჯილდო, კერძოდ, 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამასთან, იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი “საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიმართება.

საერთაშორისო კონკურსი “საკურა“ მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. კონკურსზე 33 ქვეყნის 4 000 მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარდგენილი.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

“საკურას“ კონკურსში “ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2019 წლის 5 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს – “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

“მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე.

იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს იაპონიაში 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 37%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემს”, – განმარტავენ ღვინის ეროვნული სააგენტოში.