ბახტაძე: ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველწლიურად 50-60 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შევძლოთ

ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველწლიურად 50-60 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შევძლოთ”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

“ბიზნესთან ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია. სწორედ ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რაც საბოლოო ჯამში დაგვეხმარება სიღარიბე ნაბიჯ-ნაბიჯ შევამციროთ და დავძლიოთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, ბიზნესმა იცის ამის შესახებ. ინიციატივების დიდი ნაწილი შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს. საქართველოში ჩვენ გვაქვს სიღარიბის პრობლემა, რომლის გამომწვევი წყარო არის რამდენიმე და მათ შორის ის, რომ ჩვენს ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არის მცირე. ეს უკავშირდებოდა იმას, რომ ის ეკონომიკური მოდელი, რომელიც იყო საქართველოში და ის შიდა წესები, რომლებიც მაშინ მოქმედებდა, ზღუდავდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საშუალებას. შესაბამისად, ის ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც ამოქმედდება 2018 წელს, ის სასტარტო კაპიტალის რეფორმა, ის დაზღვევის ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენ ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ, ის ექსპორტის წამახალისებელი პროგრამები, ორიენტირებული იქნება სწორედ იმაზე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა უფრო მეტი სამუშაო ადგილის გენერირება შეძლოს. ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველწლიურად 50-60 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შევძლოთ. მე ვისურვებდი, რომ ამ სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდეს“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

მსგავსი სიახლეები