სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელზეც 2 მილიონზე მეტი დაიხარჯა, დასრულდა

908

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო, გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი, რომელიც აქამდე ქუჩაზე არ არსებობდა. გარდა ამისა, მოეწყო ორი საყრდენი კედელი და შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები. ამასთან, ტროტუარებზე  შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, გარეგანათების ბოძები და ახალი სანათები მოეწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოწესრიგდა საპარკინგე სივრცეებიც.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 2 077 777 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია “ბლექ სი გრუპმა“ აწარმოა.

“ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და LED განათების ქსელი მოეწყო, რომელიც ელექტროენერგიას 60-70%-ით ზოგავს. პროექტის განხორციელება რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ მუშაობა ღამის საათებშიც გვიწევდა. ეს მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა და სამუშაოების წარმოება ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ხმაურის მხრივ. ადგილობრივ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ საშუალება მოგვცა, 24-საათიან რეჟიმში გვემუშავა. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია საპარკინგე ადგილები, ტროტუარი და რაც ამ კონკრეტულ ქუჩაზე იყო შესაძლებელი, ყველაფერი მაქსიმალურად არის გაკეთებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.