თბილისის მერს დიდ დიღომში პარკის მოწყობას სთავაზობენ

1888

თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი სთავაზობს, რომ დემეტრე თავდადებულისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს შორის არსებულ 10 589 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დიდი დიღმის პარკი მოეწყოს.

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე  296 მიმდინარე, 236 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 13 განსახილველი,  465 არშემდგარი და 2 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.

ერთ-ერთი იდეის ავტორი პროექტის “დიდი დიღმის პარკის” განხილვას ითხოვს. იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 2500  ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია დავით ფოლადიშვილის იდეა განიხილოს.

“დემეტრე თავდადებულის და იოანე პეტრიწის ქუჩებს შორის არის 10 589 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.10.06.006.244, სადაც შესაძლებელია დიდი დიღმის პარკის მოწყობა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც, დიდი დიღმის ტერიტორიაზე პარკის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის, რაც მათ დასვენების, გართობის და განვითარების საშუალებას მისცემს.

პარკში სასურველია იყოს: ფასიანი და უფასო ატრაქციონები; ფასიანი გასართობი ცენტრი; მარადმწვანე და ფოთლოვანი ნერგები; სკამები, განათება, ნაგვის ურნები; სპორტული აქტივობის კუთხე; საზაფხულიდ ნაყინისა და გამაგრილებელი სასმელების გასაყიდი ადგილი; უფასო WI-FI; სასმელი წყალი და დაცვის ჯიხური.

ფასიანი მომსახურებით შემოსული თანხა მოხმარდება პარკის მოვლას, დასუფთავებას, დაცვას და განვითარებას”, – წერს პროექტის ავტორი დავით ფოლადიშვილი.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა