თბილისში ღამის ავტობუსმა, შესაძლოა, ლისის ტბისა და ვაკის მიმართულებით იმოძრაოს

157

წინა სტატია

თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა, რომ თბილისში ღამის ავტობუსმა, შესაძლოა, ლისის ტბისა და ვაკის მიმართულებით იმოძრაოს. მისი თქმით, ახლა ღამის ავტობუსით 30-40 მგზავრი სარგებლობს, თუმცა, მერიას კონკრეტული მონაცემები დეკემბრის ბოლოს ექნება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“დეკემბრის ბოლოს გვინდა ამოვიღოთ მონაცემები, რადგან ავტობუსში დამონტაჟებულია სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ითვლის როგორი დატვირთვა იყო. გვინდა, ზაფხულში უკვე სხვა მიმართულებებზე გავუშვათ ავტობუსი, მაგალითად, ვაკის მიმართულებაზე, რადგან ამ მიმართულებით არაფერი მოძრაობს ღამის განმავლობაში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კუს ტბაზე რამდენიმე დაწესებულებაა. ასევე, საინტერესოა ლისის მიმართულება, ამიტომ ეს შეიძლება იყოს ცალკე ხაზი. ძვირი სიამოვნება იქნება, უბრალოდ ავტობუსი რომ გავუშვათ დაკვირვების გარეშე, ამიტომ გვინდა, სარგებლიანი იყოს ქალაქისთვის და ფული არ დაიფანტოს.

222 ნომერი რეგულარულად მოძრაობს პარასკევს და შაბათს, რადგან ამ დღეებში ყველაზე მეტი დატვირთვაა. რასაც ვუყურებთ ძირითადად, ერთიდაიგივე ადამიანები დაყვებიან, რომლებიც ღამის განმავლობაში მუშაობენ, დაახლოებით, 30-40 ადამიანი. ვფიქრობთ, მეტი კომუნიკაცია გვჭირდება ტურისტებთან, რომ მათაც გაიგონ ამ ავტობუსის არსებობის შესახებ. ამ ეტაპზე ეს კომუნიკაცია არ გვაქვს, რასაც ზაფხულის პერიოდში მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა გვარჯალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ღამის ავტობუსი 22 სექტემბრიდან მოძრაობს. 222 ნომერი ავტობუსი მეტრო „ახმეტელიდან“ მეტრო „ვარკეთილამდე“ ღამის 01:00 საათიდან, 06:00 საათამდე გადაადგილდება.