აუდიტის სამსახური – თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით 831.6 ათასი ლარი არაეფექტურად დახარჯა

700

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მიწისქვეშა გადასასვლელებთან მიმართებით არაეფექტურად გახარჯულმა თანხებმა 831.6 ათასი ლარი შეადგინა.

დედაქალაქის მერიის აღნიშნულ სამსახურში გამოვლენილი ამ და სხვა ფინანსური დარღვევების შესახებ სახელმწიფოს აუდიტის სამსახური პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში წერს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის ფარგლებში სამსახურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები და შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები შეისწავლა.

აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემები ასეთია:

ქალაქ თბილისის მერიასა და ავსტრიულ კომპანია ”DOPPELMAYR”-ს შორის 2012 წლის 5 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება მთაწმინდაზე საბაგირო გზის ფუნქციონირების აღდგენის მიზნით. კომპანია ”DOPPELMAYR”-ისათვის წინასწარი ანგარიშსწორებით საბანკო გარანტიისა და მატერიალური ფასეულობის მიღების გარეშე გადარიცხულია სულ 4.1 მილიონი ევრო, მაშინ როდესაც ხელშეკრულებით 2.8 მილიონი ევროს გადახდა უნდა განხორციელებულიყო მისაწოდებელი ტექნიკის თბილისში დასაწყობების შემდეგ. საბაგირო გზის მშენებლობისათვის 2012-2013 წლებში ბიუჯეტიდან გაწეულია სულ 12.6 მილიონი ლარის საკასო ხარჯი. დღეის მდგომარეობით კი, შესრულებულია მხოლოდ 604.6 ათასი ლარის სამუშაოები.

აუდიტის პროცესში კეთილმოწყობის სამსახურისა და შპს უძრავი ქონება თბილისის თანამშრომლებთან ერთად მიწისქვეშა გადასასვლელებში შესრულებული სამუშაოების ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟებული ლიფტები და საპირფარეშოები საერთოდ არ ფუნქციონირებდა, სამეთვალყურეო სისტემიდან კი ფუნქციონირებდა მხოლოდ მცირე ნაწილი. შესყიდული მატერიალური ფასეულობებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისად დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებადი სამეთვალყურეო სისტემის გათვალისწინებით არაეფექტიანად გახარჯულმა საბიუჯეტო თანხებმა 831.6 ათასი ლარი შეადგინა. სამეთვალყურეო სისტემების შესყიდვაზე შპს „დელტა კომმთან“ 2014 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შესასყიდი მატერიალურ ფასეულობათა სავარაუდო ღირებულების არასწორი განსაზღვრის შედეგად მიწოდებული აპარატურის ფასნამატმა 298.2 ათასი ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, 2015 წლის 1 იანვრიდან მიმწოდებლები ვალდებულები არიან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებამდე, წარმოადგინონ ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ფაქტიური დანახარჯების შესახებ. ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას მერია ანაზღაურებდა და მისი ღირებულების პროცენტული მაჩვენებლები, კომპანიებთან შეთანხმებით, ასევე მერიის მიერ დგინდებოდა. მომსახურების ღირებულება მიმწოდებელი კომპანიების მიხედვით განსხვავდებოდა და მერყეობდა შესასრულებელი სამუშაოების 0.4%- დან 5.6%-მდე. 2015 წლის განმავლობაში კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულებების საექსპერტო მომსახურებაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სსიპ სამხარულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების გამოყენების შემთხვევაში, ბიუჯეტიდან ფაქტობრივად გადახდილი 579.2 ათასი ლარის ნაცვლად, 347.5 ათასი ლარი იქნებოდა გადასახდელი.

გარდა ამისა, 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულებისა და შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებლებზე პირგასამტეხლოს სახით დარიცხულმა თანხებმა 129.5 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა ხელშეკრულებების შესაბამისად, დარიცხული უნდა ყოფილიყო 719.5 ათასი ლარი.

აუდიტის სამსახურის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა. 137-გვერდისგან შემდგარი დოკუმენტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი