კალაძე: დღეიდან სოფელ დიღომში კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობა დაიწყება

1212

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეიდან სოფელ დიღომში კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობა დაიწყება. კალაძის თქმით, დიდი ხანია სოფელი დიღმის მოსახლეობას ეს პრობლემა აწუხებს და მისი მოგვარება წინასაარჩევნო დაპირება იყო.

“სოფელ დიღომში დღეს კანალიზაციის ქსელის პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ტენდერი გამოცხადებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულება გაფორმებულია. ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კონკრეტულ ქუჩებზე დასახლებულ პუნქტში კანალიზაციის სისტემა მთლიანად არ არსებობს და ეს ძალიან მძიმეა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ესეც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. როდესაც მათ ვხვდებოდით და ვესაუბრებოდით, ისინი თავის წუხილსა და პრობლემებზე გვიყვებოდნენ. დაპირება იყო, რომ ამას აუცილებლად მოვაგვარებდით. დღეს იწყება სამუშაოები. საკმაოდ დიდი პროექტია, რომელიც ოთხ ეტაპად არის დაყოფილი”,- განაცხადა კალაძემ.

სხდომაზე აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემაც გააკეთა განცხადება.

“კანალიზაციის გარე ქსელის არარსებობა ურთულესი პრობლემა იყო სოფელ დიღმის მოსახლეობისთვის. ჯამში ეს არის 22 მილიონიანი პროექტი, რომელიც, დაახლოებით, 4 წელიწადში უნდა განხორციელდეს, თუმცა დღეს ჩვენ ამ პროექტის პირველ ეტაპს ვიწყებთ. დაახლოებით, 3 მილიონამდეა მისი ღირებულება. მომდევნო წლის განმავლობაში მთლიანად განხორციელდება ეს პროექტი და ჯამში, დაახლოებით, 16 კილომეტრამდე ქსელი აშენდება,”- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.