კალაძემ ვიცემერს დაავალა, რომ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მუშაობა გამოასწორონ

989

დღეის მდგომარეობით, მერიის ცხელ ხაზზე 400-მდე ზარი რეაგირების გარეშე რჩება, ეს მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერმა ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს, დაავალა, რომ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მუშაობა გამოასწორონ.

“მერიის ცხელი ხაზი არის საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება, რომლის ფარგლებში დღის განმავლობაში, დაახლოებით, 2 500 ზარი ხორციელდება. ჯამში 42 ოპერატორის საშუალებით ხდება ეს მომსახურება 24 – საათიან რეჟიმში კვირის ყველა დღეს. თუმცა, გულწრფელად გეტყვით პირადად მე და ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია უკმაყოფილება ცხელი ხაზის მუშაობით. ის, როგორც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, ამიტომ მინდა დავავალო ხმალაძეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეს რეფორმა.

თუ ადამიანები არის დასამატებელი, აუცილებლად დაამატეთ, დაატრენინგეთ და კვალიფიკაცია ავუმაღლოთ ამ ადამიანებს, რომ არც ერთი ზარი არ დარჩეს პასუხგაუცემელი. დღეის მდგომარეობით 400 -მდე ზარი რჩება, რომელზეც არ ხდება რეაგირება. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მიუღებელია ჩვენთვის. შესაბამისად მალე უნდა იქნეს ეს ყველაფერი მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.