თეთრწყაროში პირველი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

740

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ქალაქ თეთრიწყაროში, თამარ მეფის ქ. N38-ში მდებარე, ყოფილი სავაჭრო ცენტრის შენობაში, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მოსაწყობად, პროექტი მზადდება.

მერიის ინფორმაციით, ფუნქციადაკარგულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და შენობაში სხვადასხვა სივრცეები განთავსდება, კერძოდ, ტურისტული მომსახურების ცენტრი, საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, კაფე, საოფისე და კომერციული ფართები, სარიტუალო დარბაზი და სხვადასხვა საჭიროების ადმინისტრაციული სერვისები.

“მუნიციპალიტეტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული მომსახურების ცენტრის ფუნქციონირება, რომლის ძირითადი დანიშნულება იქნება საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტების სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორგანიზებული ტურების დაგეგმვას, ტურისტების რაოდენობის ზრდას და თეთრიწყაროს, როგორც ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაციას. ამასთან, შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტში ტურისტული ნაკადების ზრდის სტატისტიკის წარმოება და ტურიზმის სფეროს განვითარების ტენდენციების დადგენა.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქის ცენტრალური ნაწილის იერსახის და მიმზიდველობის გაუმჯობესებას, ტურიზმის განვითარებას და მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას. ფუნქციადაკარგული შენობა კი ახალ სიცოცხლეს შეიძენს”, – აცხადებენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.