კახეთი – კულტურის სახელოსნო

5188

ანა მარგველაშვილი

სათემო განვითარების ცენტრი

როცა დრო გვაქვს და თელავში ვართ ჩასულები მე, ჩემი შვილი სანდრო და ხანდახან ჩვენი სტუმრები, ჩავსხდებით მანქანაში და რაიმე კონკრეტული ადგილის სანახავად მივდივართ. თავგადასავლები და აღმოჩენები ძალიან გვიყვარს, ამიტომ ასეთი წესი გვაქვს: დანიშნულების ადგილამდე სანამ მივალთ, გზად, სადაც გული გაგვიწევს, იმ სოფელში შევალთ და რომელ გზაზეც მოგვინდება, იქ გადავუხვევთ. ამ უმისამართო მოგზაურობებში ძალიან საინტერესო და ლამაზ ადგილებს მივადექით, ისეთებს, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცოდით. ჯერ ჩვენ აღმოვაჩინეთ და მას მერე ჩვენი სტუმრებიც მიგვყავს ხოლმე. კახეთში დასათვალიერებელს რა დალევს? თითო სოფელში იმდენი ცნობილი თუ უცნობი, საერო, საკულტო თუ ბუნების ძეგლია!

მაგალითად:

სოფელი შაქრიანი – გრემიდან ნაფარეულისკენ წამოსულებს ძალიან მოგვინდა მთის კალთაზე შეფენილ შაქრიანში გადახვევა და მერე შაქრიანიდან – ნაფარეულისკენ რაიმე ალტერნატიული გზის მოძებნა, ისე, რომ ტრასაზე აღარ დაბრუნებულიყავით. ასეც მოვიქეცით. შაქრიანი შუა საუკუნეების ქვით ნაშენ სოფელს წააგავს; მისახედია, მაგრამ ძალიან ლამაზია. ტრასაზე დაბრუნების გარეშე ტყის და ვენახების პირას მიმავალ გრუნტის გზას გავუყევით. გაზაფხული იყო, ტყეში ენძელები და სხვა ყვავილები ხალიჩასავით მოფენილიყო, მიწისა და ახლადააყვავებული ხეების სურნელით ჰაერში. მოკლედ, ნამდვილი გაზაფხული იდგა. გზად ძველისძველი სასაფლაო შემოგვხვდა, აი, ქვები უკვე ნახევრად მიწაში რომ არის ჩასული. კიდევ – ლამაზი ეკლესია, ვენახები, ულმაზესი მინდვრები, ტყე.

სოფელი აკურა – აკურაში ჩასულებს, ჩვენმა მასპინძელმა, მამადავითის ეკლესია ნანახი გაქვთო? ავუყევით მთას (მანქანით), ჯერ რა გზაა! ერთ რამედა ღირს გასეირნება. მე-9 საუკუნის ეკლესიის ეზოში უამრავი ქვევრი აწყვია, გარშემო ზღაპრული ტყეა დიდი და ვეებერთელა ხავსიანი ხეებით. უკანა გზაზე დაშვებისას წინ კავკასიონი და ალაზნის ველი იშლება. ყანები, ვენახები, დამუშავებული ნაკვეთები მთაზე და აი, ის პატარა ქვის საყრდები, მთელ საქართველოში, ხანადახან სრულიად მოულოდნელ ადგილას რომ შემოგვხვდება ხოლმე. სოფლის ტრასაზე, გადასახვევთან, ეკლესიის საგზაო ნიშნული კი დგას, მაგრამ აბა, ეს ნიშნული არაფერს რომ მეუბნება იმ სილამაზეზე, რაც იქ უნდა დამხვდეს? როგორ შეიძლება, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს ჩვენი სოფლების სანახებზე?

სოფელი რუისპირი – იყალთოსკენ წასულებმა, სოფელ რუსპირის შესასვლელშივე, ხელმარჯვნივ, ტრასაზე კოშკი დავინახეთ. მაყაშვილების კარმიდამო აღმოჩნდა: ძველი გალავნით, კოშკითა და კარის ეკლესიით. კარმიდამო კერძო მფლობელობაშია, მაგრამ გარედან თვალის შევლება მაინც შევძელით; მოგვიანებით გამახსენდა, რომ, შესაძლოა, ლიზიკო მაყაშვილი, ჩემი თელაველი მეზობლების ბებია, სწორედ ამ სახლიდან გაიყვანეს 24 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ. ამ საოცარ ამბავს თავის მოგონებებში წერს, რომელიც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ გამოსცა კრებულში „რეპრესირებული ქალები“.

რუისპირშივე შემთხვევით გადავაწყდით ადამაანთ ციხეს. უფრო სწორედ – უბრალოდ ციხეს. ადამაანთ ციხე რომ ერქვა, მოგვიანებით ინტერნეტის მეშვეობით გავიგე, რადგან ციხესთან არანაირი საინფორმაციო მინიშნება არ არის. ჩემმა 12 წლის შვილმა  მითხრა, რა მაგარია ეს ციხეები და კოშკები, ნეტა, ყველა შემოვიაროთ, ყველაზე უფრო სწორედ ამეების დათვალიერება მაინტერესებსო. რა გასაკვირია მისი ასაკიდან და ადამაანთ ციხის გასაოცარი ინტერიერიდან გამომდინარე? (აუცილებლად ნახეთ რუისპირისკენ თუ მოხვდით).

კიდევ არის უამრავი სანახავი იყალთოშიც, ნაფარეულშიც, კონდოლშიც, კისისხევშიც და ართანაშიც, ლაფანყურშიც და სხვაგანაც. ამოუწურავად შეიძლება კახეთის და საერთოდ, მთელი საქართველოს სოფლებზე წერა და მოყოლა.

ამ პერიოდულმა გასვლებმა თელავის მიდამოებში რამდენიმე საკითხზე დამაფიქრა:

  • თუკი ჩემი 12 წლის შვილს ციხე-კოშკებისა და ძველი გალავნიანი კარმიდამოების ნახვა ისე აინტერესებს, რომ შეკითხვებს სვამს, შესვლა უნდა, ძრომიალი (წელიწადში რამდენიმეჯერ ავდივართ უჯარმის ციხეზე) მეტი ამბის მოსმენა, მისი თანატოლების დიდი ნაწილიც ხომ ასე იქნება? ასაკისთვის შესაფერისი, სათავგადასავლო-საგანმანათლებლო ტურები კი, უფრო ციხე-კოშკებზე ორიენტირებული, მგონი, არ არსებობს. არც ყველა ციხესთან და ნაციხართან არის მოწესრიგებული მისასვლელი გზა თუ სხვა ინფრასტრუქტურა.
  • ფეოდალური საქართველოსათვის დამახასიათებელი ეს ტიპიური გალავან-ბურჯებიანი კარდმიდამოების ნაშთები კახეთში (და ქართლშიც) ძალიან ბევრ სოფელშია შემორჩენილი. მაყაშვილების – რუსიპირში და, ალბათ, იყალთოშიც, ქობულაშვილების – კისისხევში, ჯორჯაძეების – საბუეში, ვახვახიშვილების – თელავში, ყარალაშვილების – ართანაში, ჭავჭავაძეების – წინანდალსა და ნაფარეულში და სხვა და სხვა. როგორ შეიძლება მოვახერხოთ, ერთი მხრივ, ამ „ობიექტების“ შენარჩუნება (ზოგგან შენარჩუნებულიცაა და მშვენივრად მოვლილიც) და მეორე მხრივ, ისეთი საგანმანათლებლო პროგრამის ან ტურის მოფიქრება, რომ ადამიანს სწორედ ამ კარმიდამოების სანახავად უღირდეს ამა თუ იმ სოფლეში შესვლა?
  • 1924 წლის აჯანყებისა და მისი შედეგების ისტორია აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და შემდგომი რეპრესიები ამ ნასა(სა)ხლარების ყოფილ მფლობელებსაც შეეხოთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მომხრეობის და აჯანყების მხარდაჭერის გამო. რამდენი შეეწირა 24 წლის რეპრესიებს? ამ ძეგლების (ან ნაშთების) და 1924 წლის აჯანყების ისტორიის დაკავშირებით, ამ ამბავში საქართველოს ისტორიიდან თუნდაც მცირე დეტალების შეტანით, მგონი, შესაძლებელი იქნებოდა საინფრომაციო-საგანმანათლებლო ალტერანტიული მარშრუტების განვითარება? მარშრუტების, რომლებიც სტუმარს, ნაცვლად ერთი ცნობილი ობიექტიდან მეორემდე გადაადგილებისას ფანჯრიდან მართლაც მშვენიერი ალაზნის ველის თვალიერებისა, სოფლებშიც შეიყვანდა და იქ მიმალულ ისტორიას, მცხოვრებ ადამიანებს და ადგილებს აღმოაჩენინებდა?
  • მუნიციპალური განვითარების იდეაც ეს არ არის? რომ მხოლოდ მუნიციპალური ცენტრი კი არ განვითარდეს, არამედ მისი სოფლებიც. სოფლის მცხოვრებლებმა უშუალოდ იგრძნონ განვითარების პროცესები?
  • ხომ შეიძლება, თითო ასეთ ობიექტთან (აკურას მამადავითის ეკლესიას არ ეხება) საინფრომაციო დაფა მაინც იდგეს, მისასვლელი გზა იყოს მოწესრიგებული (ადამაანთ ციხემდე სულ 50 მეტრია გასავლელი, მაგრამ ისეთი ბალახი და ჭაობი იყო, აღარც ციხე მოგინდებოდა და არც – შემეცნება) და მინიშნება, კიდევ რისი ნახვა შეიძლება სოფელში?
  • საერთოდ, როგორ შეიძლება, ჩემნაირ მოხეტიალეებს გავაგებინოთ, რომელ სოფლეში რა იმალება, ან მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, მაგალითად, შაქრიანიდან ასეთი საინტერესო გზა გადადის ნაფარეულისკენ?

ვფიქრობ, ასეთი საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტურები აუცილებლად უნდა გაკეთდეს და ეს მუნიციპალიტეტების გასაკეთებელი საქმეცაა. იმისათვის, რომ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაც, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდები ჩაერთონ, შესაძლოა, ასეთი სქემით მუშაობა:

  • კულტურის რესურსების კვლევა: სოფლის კულტურის რესურსების კვლევაში სოფლის სკოლის მოსწავლეებს ჩავრთავდი. ამ კვლევას, ე.წ. კულტურულ მეფინგს, თავისი მეთოდოლოგია აქვს. ანუ ჯერ ვასწავლიდი (თუნდაც პედაგოგებს და შემდეგ ისინი ასწავლიდნენ მოსწავლეებს) და მერე დავეხმარებოდი საკუთარი სოფლის აღმოჩენის პროცესში. კულტურის რესურსში ვგულისხმობ სწორედ ამ და სხვა ძველ, საინტერესო ნასახლარებს, ციხე-კოშკებსა და მათ ნანგრევებს, ადამიანებს და ამბებს, რომლებიც სოფლის ისტორიას ქმნიდნენ, სოფლის მცხოვრებთა ზეპირ მეხსიერებას და საოჯახო არქივებს, რაც ისტორიის რეკონსტრუქციაში დაგვეხმარებოდა.
  • საინფორმაციო ნიშნულები – სხვა თუ ვერაფერი, გამოვლენილ ობექტებთან, ან სოფლის შესასვლელებში (ორენოვან) საინფორმაციო დაფებს განვათავსებდი. ასეთ შემთხვევაში, ადამაანთ ციხის ან ყარალაშვილების ნასახლარის ნახვისას google-ში კი არ დავიწყებდი ძებნას, ინფორმაციას ადგილზევე გავეცნობოდი. ეკლესიებთან და საყდრებთან უფრო დგას მსგავსი დაფები, მაგრამ საერო მნიშვნელობის კულტურულმა მეკვიდრეობამ რა დააშავა?
  • ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა: მუნიციპალიტეტებს საკუთარ ვებ-გვერდებზე კი უდევთ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სოფლებისა და სოფლებში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ, მაგრამ ხშირად ეს ინფორმაცია არ არის კარგად და სრულყოფლად დამუშავებული, ფრანგმენტული და გაფანტულია, არც სათანადო ბმა არის ელექტრო-რუკებთან. მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ ერთი სისტემით აღწერილი ინფორმაცია განთავსდებოდა (სასურველია ორ ენაზე) რეგიონის (მაგ. კახეთის) ერთიან ინტერაქტიულ რუკაზე, რომლის შექმნას, შენახვასა და ადმინისტრირებას დაინტერესებული მუნიციპალიტეტები ერთობლივად, თანადაფინანსებით მოახდენდნენ. ანუ ამ პროექტის ბიუჯეტს მუნიციპალური ბიუეჯეტბი გადაინაწილებდნენ, ასე თითო მუნიციპალიტეტს დიდი ხარჯი არ ექნებოდა, სარგებელს კი ყველა მიიღებდა.

ჯერ ერთი, თავად სოფლის მცხოვრებლები/ახალგაზრდები კულტურის რესურსების აღწერით ხელახლა გაიაზრებენ საკუთარი სოფლის ისტორიას და მნიშვნელობას. ამ დროს, გარდა კვლევის მეთოდოლოგიის სწავლისა და დამატებითი უნარების შეძენისა თუ ზოგადი კომპეტენციების გაუმჯობესებისა, იცვლება დამოკიდებულება საკუთარი სოფლის და აღწერილი ობიექტების მიმართ. ნიშნულები კი რეგიონის სტუმრების ისეთ ადგილებს გააცნობდა, რაც აქამდე უცხო თვალისთვის დამალული და მიუწვდომელი იყო, მხოლოდ არაინფორმირებულობის გამო.

პ.ს. რუისპირიდან სოფელ ახატელის გავლით ყარაჯალისკენ, ერთ დიდ, გაშლილ მინდორზე ერთ არსებად ქცეული ძველი საყდარი და ხე ვნახეთ. სად იწყებოდა ფესვი, სად – კედელი და სად – ტოტი, აქ უკვე აღარ გაიგება. უყურებ და ფიქრობ, როგორ შეეზარდნენ ასე ერთმანეთს? უყურებ და გინდა ეს საოცრება სხვებსაც აჩვენო.

პ.პ.ს. თქვენს სოფელში რის ნახვას გვირჩევდით?