კალაძეს პრეზიდენტის სასახლის “მეფეთა მუზეუმად” გადაკეთებას სთხოვენ

1818

თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი სთავაზობს, რომ პრეზიდენტის სასახლე “მეფეთა მუზეუმად” გადააკეთონ. პროექტის ავტორის თქმით, შენობა გახდება სავიზიტო ბარათი, სადაც მისულ ადამიანს შესაძლებლობა ექნება თუნდაც ერთ დღეში წარმოდგენა შეიქმნას საქართველოს ისტორიისა და მდიდარი წარსულის შესახებ.

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე  168 მიმდინარე, 175 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 9 განსახილველი,  466 არშემდგარი და 2 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.

ერთ-ერთი იდეის ავტორი პროექტის “მეფეთა მუზეუმის” განხილვას ითხოვს.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, მიხეილი დიაკონიძის იდეას 23 ხმა აქვს.

“მოგესალმებით, შემდეგი საქართველოს პრეზიდენტი (ლოგიკურად) დღევანდელ პრეზიდენტის სასახლეში აღარ დაიდებს ბინას, სწორედ ამიტომ შემოვდივარ წინადადებით: ე.წ ,,პრეზიდენტის სასახლე” გადავაკეთოთ “მეფეთა მუზეუმად”, კერძოდ, შენობის ინფრასტრუქტურას არ დასჭირდება დიდად შეცვლა, გავაკეთოთ ჩვენი მეფეების ცვილის ფიგურები (შესაძლებელია გარდაცვლილი პრეზიდენტებიც) თან დავურთოთ საინფორმაციო დაფა და აუდიო ისტორია მისი მეფობის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე, რათა ტურისტებმა (და ეჭვი მაქვს ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემაც) შეძლონ მათთვის გასაგებ ენაზე მოსიმინონ ისტორიები საქართველოს მეფეებისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი თარიღების შესახებ.

ამავე შენობაში გამოიყოფა სივრცე სადაც შეგვიძლია სუვენირების სახით გავყიდოთ საქართველოსთან ასოცირებული სიმბოლიკები (დროშა, გერბი, თუნდაც მეფეების მინი ფიგურები და ა.შ).

სასახლე (შემდგომში მეფეთა მუზეუმი) იქნება ფინანსურადაც შემოსავლიანი, ასევე მოხდება ტურისტების ინფორმირება სუფრისა და სადღეგრძელოების გარეთ.

შენობა გახდება სავიზიტო ბარათი, სადაც მოსულ ადამიანს შესაძლებლობა ექნება თუნდაც ერთ დღეში წარმოდგენა შეიქმნას საქართველოს ისტორიისა და მდიდარი წარსულის შესახებ.

ამავე სასახლეში (შემდგომში მეფეთა მუზეუმში) შესაძლებელია ერთ-ერთ სივრცეში წარმოდგენილ იქნას მომავლის საქართველო არსებული და განვითარრების დიდი პერსპექტივის მქონე ადგილებითა და არსებული ობიექტებით (სვანეთი, ბაკურიანი, ბათუმი და სხვა)”, – აღნიშნავს იდეის ავტორი მიხეილი დიაკონიძე.

მისი თქმით, პროექტის განხორციელებისთვის, კეთილი ნების შემთხვევაში, საკმარისია 6-8 თვე.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა