ათამდე მეტროსადგური შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

1036

​თბილისში წლის ბოლომდე 10-მდე მეტროსადგური შშმ პირებზე ადაპტირდება. დაგეგმილია სპეციალური რკინის კონსტრუქციის შემოტანა, რომლითაც ეტლით მოსარგებლე ესკალატორზე გადაადგილებას შეძლებს, – ამის შესახებ “საზოგადოებრივს” ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა განუცხადა.

მამუკა მუმლაძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის დეტალების დახვეწა,მეტროსადგურების შერჩევა და დაფინანსების მოძიება. პროცესი სავარაუდოდ 2 კვირაში დასრულდება და დაიწყება მუშაობა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული წინადადება, აპრობირებულია ევროპის ქვეყნებშიც.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ რიგში რკინის კონსტრუქცია ისეთ მეტროსადგურებში დამონტაჟდება, სადაც არაა კიბე და მგზავრი ესკალატორთან მისვლას პირდაპირ ახერხებს. მეორე ეტაპზე კი დაგეგმილია ესკალატორთან მისასვლელ კიბეზე სპეციალური დანადგარის დამონტაჟება, რომელიც ეტლით მოსარგებლეს ესკალატორამდე ჩაიყვანს, შემდეგ კი რკინის კონსტრუქციითა და ერთი პირის დახმარებით მგზავრი მატარებლის ბაქანთან მისვლას შეძლებს.

“პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, სადგურის მოედნის, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის ერთმანეთთან დაკავშირება. ეტაპობრივად რკინის კონსტრუქციებს ყველა მეტროსადგურში შევიტანთ”,- განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

ამჟამად თბილისის მეტროში 22 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 6 – საბურთალოს ხაზზე.

წყარო: 1tv.ge

ფოტო: გიორგი ისაკაძე