საბურთალოს რამდენიმე მისამართზე სადარბაზოების რემონტი დასრულდა

986

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, ნუცუბიძის ქ. N36-ში მდებარე N2 და კანდელაკის ქუჩაზე, მე-16 კორპუსის სადარბაზოების რემონტი დასრულდა.

საბურთალოს რაიონის გამგეობის ცნობით, გამგეობამ ეს სამუშაოები 100%-ით დააფინანსა. ორივე პროექტის ღირებულება 24 415 ლარია. ამხანაგობამ კი, შეგროვებული თანხით, ნუცუბიძის N2 კორპუსის ეზოს გამწვანების სამუშაოები დაიწყო, რადგან დაფინანსების ახალი წესის თანახმად, ამხანაგობას ეკისრება ვალდებულება, დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა შეაგროვოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

სადარბაზოების რემონტი ამჟამად, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან 207 180 ლარით დაფინანსდა. მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„მწვანე სივრცეების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და ეზოს მოვლა-პატრონობაში მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მინდა გადავუხადო ამხანაგობის თავმჯდომარეს, ლევან მშვილდაძეს, რომლის ინიციატივითაც, გამწვანების სამუშაოები განხორციელდა და რომელიც მოსახლეობასთან ერთად, ეზოების მოვლა-პატრონობაში აქტიურადაა ჩართული. მოსახლეობას მოვუწოდებ, საკუთარი ეზოს კეთილმოწყობაში მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა.

საბურთალოს რაიონში ამხანაგობის ჩართულობითა და გამგეობის მხარდაჭერით, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე N3 და ნუცუბიძის ქუჩის N34 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაც გამწვანდა. გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ჯიშის 180 ხე-მცენარე დაირგო. ასევე, დაიგო რულონური ბალახი.