უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის სკოლებსა და ბაღებს დააჯარიმებენ

636

საგანგებო სიტუაციების სამსახური იმ საჯარო სკოლებისა და ბაღების დაჯარიმებას იწყებს, სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს.

ჯარიმის ოდენობა ამ ეტაპზე 50-200 ლარის ფარგლებში მერყეობს. განმეორებითი ჯარიმის შემთხვევაში კი ფულადი სანქცია 300-დან 500 ლარამდეა. მზად არის ასევე საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმადაც იგეგმება უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და ჯარიმების მნიშვნელოვანი ზრდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში უსაფრთხოების კუთხით საგანგაშო ვითარებაა.

“ჩვენი სამსახური არ არის დასჯაზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ დაჯარიმებამდე სკოლებსა და ბაღებს ეძლევათ ორმაგი გაფრთხილება. ასევე, რეკომენდაციები, როგორ გამოასწორონ მდგომარეობა. საგანგაშო ვითარებაა მთელი საქართველოს მასშტაბით, ამიტომ ჩვენ ზაფხულიდან დავიწყებთ იმ ობიექტების სიის გამოქვეყნებას, რომელიც დავაჯარიმეთ უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის”,- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა.