“ხელისუფლებაში რომ მოხვედით, ამბობდით, რომ ჯორებით აპირებდით საქართველოს შემოვლას” – დაპირისპირება გორის საკრებულოში

894

გორის საკრებულოს სამანდატო კომისიის სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრ ირმა ამბარდანიშვილს ხელიდან ქაღალდები გამოგლიჯა და ზედ შეაყარა. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანია „თრიალეთმა“ გაავრცელა.

დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებისთვის ავტომობილების ყიდვის საკითხს მოჰყვა. კამათი იმით დაიწყო, თუ რა წერია დადგენილებაში, რომლითაც უწყებებში სამსახურებრივი მანქანის შეძენა რეგულირდება.

“აქ წერია, რომ “ნა ურა-ზე” აღარ უნდა იყიდო”, – ასე განმარტავს დადგენილებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

„მე მახსოვს, 2012 წელს ხელისუფლებაში რომ მოხვედით, ამბობდით, რომ ჯორებით აპირებდით საქართველოს შემოვლას და მანქანები უნდა გაგეყიდათ“, – უპასუხა ამბარდანიშვილმა ნადირაძეს, რომელსაც რეპლიკა არ მოეწონა, ყვირილით მოსთხოვა გაჩუმება, შემდეგ კი ფურცლები ხელიდან გამოგლიჯა და ზედ შეაყარა.

ირმა ამბარდანიშვილმა მარლენ ნადირაძე გენდერულ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა, ნადირაძემ კი ამბარდანაშვილს რეგლამენტის დარღვევა დააბრალა.

გორის საკრებულო თავმჯდომარის მოადგილეებისთვის 25 და 18-ათას ლარიანი ავტომანქანების შეძენას გეგმავს.