რატომ დაადგინა ზუგდიდის საკრებულომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი

628

წინა სტატია

რატომ დაადგინა ზუგდიდის საკრებულომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი, ამის შესახებ ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესში შესული ჩანაწერი გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის შესახებ, სოციალურ ქსელში ხუმრობის მიზეზად იქცა. მიუხედავად საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებისა, მკითხველთა ნაწილისთვის კვლავ გაურკვეველი დარჩა მსგავსი ჩანაწერის შეტანის აუცილებლობა.

საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, სანდრო სორდიას განმარტებით, სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესში მსგავსი ჩანაწერი გამონაკლისი შემთხვევებისთვის გაკეთდა. მისივე თქმით, დადგენილება მიღებულია ყველა საჭირო პროცედურის და წესის დაცვით.

“არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როცა გარდაცვლილის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაკრძალვა შეუძლებელია. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს კატასტროფა, შეიძლება ადამიანი გაიყინოს და ა.შ. ეს არის გამონაკლისი შემთხვევებისთვის. არსებობს კიდევ რელიგიური კონფესიები, რომლებსაც განსხვავებული წესები აქვთ. შესაბამისად, დადგენილებაში არ არის ჩამოთვლილი ყველა სავარაუდო შემთხვევა იმიტომ, რომ ამომწურავი ჩამონათვალი შეუძლებელია დადგენილებაში იყოს. ამიტომ, ეს წესი არის მიღებული საგამონაკლისო შემთხვევებისთვის. ამავდროულად, ეს წესი ამ ფორმით მიღებულია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. მას აქვს ყველანაირი სამართლებრივი ექსპერტიზა გავლილი, მათ შორის სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოში”, – აცხადებს სანდრო სორდია.

საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ თემაზე “ქილიკი საკრებულოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”.

სანდრო სორდია აცხადებს, რომ ზუგდიდის საკრებულოს არაერთი სასარგებლო და კარგი დადგენილება აქვს მიღებული, რაზეც ყურადღების გამახვილება ასევე საჭიროა.

საკანონმდებლო მაცნეში 14 მაისს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ზუგდიდის საკრებულომ სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი 4 მაისს მიიღო.