პარლამენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია დაამტკიცა

667

პარლამენტმა 78-ხმით, ერთხმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია დაამტკიცა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

პარლამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი დოკუმენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღებულ “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონთან“ შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.

კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია შედგება პრეამბულის, 5 თავისა და 28 მუხლისაგან. ხდება კონსტიტუციის გარკვეული მუხლების გაერთიანება და ხელახლა დასათაურება.

ამასთან, კანონპროექტით, უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის კომპეტენციიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კომპეტენციებში გადადის გარკვეული უფლებამოსილებები; დაიწია მთავრობის იმპიჩმენტისა და ვეტოს დაძლევის კვოტები; ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებათა ახლებური რეგლამენტაცია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის წარმოდგენილი პროექტი სრულად ანაცვლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედ კონსტიტუციას.