მიხეილ გიორგაძე: მუნიციპალიტეტები ხშირად არ იღებენ პასუხისმგებლობას მათ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე

768

კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ გიორგაძის მოსაზრებით, ძალიან ხშირად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გარკვეულ პასუხისმგებლობას არ იღებენ იმ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც მათ ტერიტორიაზეა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა.

კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა სამინისტრო პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში მდებარე წმინდა გიორგის ტაძრით, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, დამალულია ოქროს საგანძური, რის გამოც ტაძრის ეზოში მიწა მოთხარეს და ძეგლი დააზიანეს, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას დაახლოებით, ორი დღის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ჰქონდა საუბარი.
მისვე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ადგილზე და მინისტრი მათგან დასკვნას ელოდება, თუ რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს.
„მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი – ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არ იღებენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად გარკვეულ პასუხისმგებლობას იმ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც მათი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არის. ხშირად ვიღებ წერილებს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტები მიგზავნიან, სადაც მეუბნებიან, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი, უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება. ვფიქრობ, ეს წარსულის გარკვეული ინერციაა და ეს არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ხდება, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის ელოდება მითითებას საიდანღაც ცენტრიდან, საიდანღაც ზევიდან, როგორც იტყოდნენ ხოლმე და თავად ბოლომდე არ აქვთ გააზრებული, რამდენად ქმედითები შეუძლიათ იყვნენ ისინი თავად და რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ საკითხებზე, რომლებიც მათ მუნიციპალიტეტს და იმ ტერიტორიას ეხება, რომლებსაც ისინი განკარგავენ“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მინისტრის თქმით, ძალიან ბევრი პროექტი კეთდება, რომელიც მიმართულია რეგიონებში კულტურული და სპორტული ცხოვრების გააქტიურებისკენ. „მე ვისურვებდი, რომ ბევრად უფრო აქტიურები იყვნენ თავად მუნიციპალიტეტები ნებისმიერ საკითხში. ყველა საკითხის გადმომისამართება კულტურისა და სპორტის სამინისტროში არის აბსოლუტურად არამართებული“, – დასძინა გიორგაძემ.