კობახიძე: დეცენტრალიზაცია დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობის სისტემის ერთ-ერთი ქვაკუთხედია

762

წინა სტატია

ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ხედვის სტრატეგიის პრეზენტაციაზე პარლამენტში მიწვეულ სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართა. მან გაეროს განვითარების მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ასევე შვეიცარიისა და ავსტრიის ელჩებს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში ამ საკითხის წინ წამოწევისთვის.

კობახიძის თქმით, ამ სტრატეგიის წარდგენით ხელისუფლება იწყებს ძალიან მნიშვნელოვან, დეცენტრალიზაციის რეფორმას. “დეცენტრალიზაცია არის დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობის სისტემის ფორმირების ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი”, – თქვა კობახიძემ.

“იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა ბოლომდე გამართული იყოს, ამას სჭირდება რამდენიმე ძირითადი პირობის შესრულება. ერთ-ერთი პირობა ჩვენ უკვე შევასრულეთ – საქართველომ მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ეს სისტემა ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების კლასიკურ საპარლამენტო მოდელს”, – განაცხადა კობახიძემ.

მანამდე, დამსწრე საზოგადოებას გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. პრემიერმა გამოსვლის დროს რეგიონებში ცხოვრების სხვადასხვა დონის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემის აღმოფხვრა. პრემიერის განცხადებით, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიული ხედვის მიზანია კიდევ უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს თვითმმართველობა ადგილობრივ დონეზე.

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.

ეროვნული ხედვის წარდგენას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მოჰყვება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.