ენის დეპარტამენტი თბილისში გარეწარწერებთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან მოლაპარაკებას მართავს

675

წინა სტატია

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, შენობების გარეწარწერების საკითხთან დაკავშირებით ენის დეპარტამენტი მერიის სხვადასხვა შესაბამის სამსახურთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

მისი თქმით, გარეწარწერების ქართულ ენაზე მითითების მხრივ დარღვევები არსებობს და ამ პრობლემის მოგვარებაა საჭირო. გიორგი ალიბეგაშვილი იზიარებს თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებას, რომ მერიამ შესაძლოა ბანერებზე მხოლოდ უცხოურენოვანი წარწერების აღსაკვეთად პარლამენტს კანონის გამკაცრების მოთხოვნით მიმართოს.

ალიბეგაშვილის განმარტებით, გარეწარწერაზე ქართული ენის მითითების დარღვევის შემთხვევაში, ენის დეპარტამენტი დამრღვევს სპეციალური სარეკომენდაციო წერილით მიმართავს, სადაც განმარტებული იქნება, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემა. მისივე თქმით, ქართულენოვანი წარწერის გაკეთების ვალდებულება არსებობს კომპაქტურად ჩასახლებულ არაქართულენოვან დასახლებებშიც. ალიბეგაშვილის თქმით, ამ კუთხით არსებული პრობლემის გამოსწორებისთვის ენის დეპარტამენტი შექმნის მრჩეველთა საბჭოს, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ენათმეცნიერები და საზოგადოების წარმომადგენლები.

„როცა სადავო საკითხი იქნება დასაზუსტებელი, მასში ენათმეცნიერები და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ და დედაქალაქსა და სხვა ქალაქებსაც მიაწვდიან მოსაზრებას, თუ როგორ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ქართულად, რომელიმე ბრენდი, სასტუმროს დასახელება და ა.შ.“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში უცხოენოვან წარწერებს დიდი ყურადღება მიექცევა. კალაძის თქმით, მან შესაბამისი დავალება ზედამხედველობის სამსახურს უკვე მისცა.