კალაძე: დედაქალაქში უცხოენოვან წარწერებს დიდ ყურადღებას მივაქცევთ

478

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში უცხოენოვან წარწერებს დიდი ყურადღება მიექცევა. კალაძის თქმით, მან შესაბამისი დავალება ზედამხედველობის სამსახურს უკვე მისცა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

„ფასადებზე ქართული წარწერების გამოუყენებლობა სერიოზული პრობლემაა, რომელსაც დღეს ვაწყდებით დედაქალაქში. მე ამაზე წინასაარჩევნოდაც ვსაუბრობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით. დღეს დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყოს მითითებები, მისცენ გონივრული ვადა შენობების მესაკუთრეს, რომ წარწერები ქართულად გაკეთდეს. ჩვენ არავის არ ვეწინააღმდეგებით, არავის ვერჩით, ყველას აქვს საშუალება, ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, განახორციელოს ბიზნესი, კანონის ფარგლებში, მაგრამ ქართულ ენას უნდა ვცეთ პატივი“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი არის კანონდებლობით განსაზღვრული და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რეგულაციებიც დაწესდება.

„თუ დამატებითი რეგულაციები იქნება საჭირო, აუცილებლად მივმართავთ საკრებულოს, პარლამენტს, რადგან არ დავუშვებთ, რაც ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ხდება დედაქალაქში. ჩვენ საკუთარ ენას უნდა ვცეთ პატივი“,-განაცხადა კალაძემ.