თბილისში ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

947

თბილისში, ორბელიანის ქუჩის რებილიტაცია გრძელდება. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორბელიანის მოედანზე, ფხოვის N3 – ფურცელაძის N18-ში არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის ადგილზეც ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება. პროექტის  ფარგლებში, უკვე დასრულდა მტკვრისა  და ვირსალაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის ახალი საფარი.

„ეს დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. 18 შენობა-ნაგებობიდან 13 ისტორიული ძეგლია. ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ყველაფერს მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული.  აქ მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი ფართების ფასი კი, რეაბილიტაციის შემდეგ გაორმაგდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია მომავალშიც გაგრძელდება.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“  ფარგლებში ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება დაახლოებით, 55 მლნ ლარს შეადგენს. ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.