თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145 000 ლარით დააჯარიმა

1521

თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფი დააჯარიმა. გასულ კვირას ​„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ 5 600-ლარიანი ჯარიმა დაერიცხა, 2 დღის წინ კი განმეორებითი ფულადი სანქციის შესახებ შეტყობინება მიიღო. ამჯერად ჯარიმის თანხამ 140 ათასი ლარი შეადგინა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, მერიას მათთვის დაჯარიმების მიზეზი არ განუმარტავს.

„ჩვენთვისაც გაუგებარია, რა გახდა დაჯარიმების საფუძველი. სამსახურმა არ განგვიმარტა, ჩვენ რომელ ძველ შენიშვნებთან დაკავშირებით დაგვაჯარიმეს. ერთი შენობის პროექტი როცა კეთდება, მაშინ შეიძლება შენიშვნების კასკადი იყოს. მაგრამ როცა ამხელა დოკუმენტი იქმნება და კონცეპტუალური შენიშვნა არ არის, შეიძლება, რუკაში ხაზი საითკენ უნდა იყოს მიმართული, ამის გამო დააჯარიმო ჯგუფი, რომელსაც ტიტანური სამუშაო აქვს გაკეთებული? მართლა მასშტაბური დოკუმენტი შევქმენით. მე ვფიქრობ, რომ ეს არარაციონალურია და არასერიოზულიც“, – აცხადებს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კონკურსის წესით შეარჩია და ქალაქის მთავარი დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოყო. პირობის თანახმად, გენგეგმის ჯგუფს თანხა ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად, ტრანშებად უნდა გადარიცხვოდა. დასრულებული გეგმა კი ქალაქის ჯერ კიდევ ძველ მთავრობას აპრილში უნდა დაემტკიცებინა. თუმცა, მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა: უკვე დასრულებული დოკუმენტის მიღება  8 თვეა, გაურკვეველი მიზეზებით ჭიანურდება. ისევე, როგორც „სითი  ინსტიტუტისთვის“ კუთვნილი თანხის ბოლომდე დარიცხვა.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ვმუშაობდით. ანუ არქიტექტურის სამსხურს ჰყავდა დაქირავებული ექსპერტები, რომლებიც ამოწმებდნენ ჩვენს მიერ მიწოდებულ დოკუმენტაციას. თუ ისინი იტყოდნენ, რომ პროდუქცია არ არის მისაღები, ჩვენ უნდა გვემუშავა, რომ მოგვეყვანა წესრიგში. თუ ისინი იტყოდნენ, რომ პროდუქცია მისაღებია, მაშინ ვაბარებდით ამ პროდუქტს და ასე შედგა რამდენიმე მიღებ-ჩაბარების აქტი. ახლა მოხდა რაღაც საოცარი. ჩვენ ჩავაბარეთ დოკუმენტაცია, ექსპერტებმა დასკვნა დაწერეს, ჩვენ შესაბამისი შესწორებები შევიტანეთ და ისევ მივუბრუნეთ დამკვეთს. ველოდებოდით, რომ შემდეგი საექპერტო დასკვნა მოგვივიდოდა და იტყოდნენ, რომ ან ჯეროვანია, ან არ არის ჯეროვანი, მაგრამ ეს საექსპერტო დასკვნა ვეღარ აღმოვაჩინეთ. მოვიდა მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის სახელით შენიშვნები, სადაც ხარვეზებად იწოდება დასმული შეკითხვები, ფორმულის განმარტება და სხვა ასეთი საკითხები. ხარვეზი როგორ არის ის, რაც ტექსტში გვაქვს აღნიშნული, ან როგორ შეიძლება, ფორმულის განმარტება იყოს ხარვეზი. თუ არ იციან ფორმულის განმარტება, ეს ჩვენი ხარვეზი არ არის, ეს მათი კომპეტენციის დონის ხარვეზია. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩვენ ველოდით, რომ რაღაც ახალი კონცეპტუალური შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი კონცეპტუალური არ არის მათ შენიშვნებში დაფიქსირებული. ძალიან უცნაური სიტუაცია ხდება, როცა ერთ-ორ რუკაზე დავაში გადის ძვირფასი დრო და ამ დროს ისეთი პროცესები ვითარდება, საპროტესტო გამოსვლები ამა თუ იმ მშენებლობასთან დაკავშირებით, ანუ გრძელდება პროცესები, რომლებიც ძალიან ძნელი გასაჩერებელი იქნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის გარეშე. ჩვენ ყველაფერი მივიყვანეთ ბოლომდე და პროდუქტი მზად არის.  შეიძლება, რაღაც საკითხთან დაკავშირებით გვქონდეს მერიასთან საუბარი, მოლაპარაკება შედგეს, მაგრამ ის, რომ ჩვენ ასეთ რეჟიმში ვიყოთ – დაგვაჯარიმონ, ორი რუკა შევასწოროთ, მერე კიდევ დაგვაჯარომონ და ეს პროდუქტი არ იყოს მიღებული, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება ყველას მხრიდან. მაშინ, როცა გენგეგმა უკვე არსებობს, ვცხოვრობთ ისევ იგივე გარემოში, იგივე წესებით, იგივე რეგულაციებით და არაფერი წინ არ მიდის“,  – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დააჯარიმეს, თუმცა, გაცემულ შენიშვნებზე პასუხების დასაბუთებამდე მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი დამკვეთს,, ანუ მერიას ნოემბერში ჩაბარდა. დოკუმენტი 1 250 გვერდიანია. დაახლოებით ამდენივეა  მისი დამატებითი დოკუმენტაცია. მათვე ახლავს 70-ზე მეტი თემატურ რუკა, საყრდენი გეგმა, ნახაზები, სქემები და ჩანახატები, რაც გეგმის ფარგლებში შეიქმნა და რაც თბილისს აქამდე არ ჰქონია.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ ახალ შემადგენლობას თბილისის გენგეგმის შესახებ არ უმსჯელია და ამ დოკუმენტს არ იცნობს.

„პროცედურულად ასეა, ჯერ მერია განიხილავს და მერე საკრებულოს გადასცემს განსახილველად. ჯერ-ჯერობით, გენგეგმის დოუმენტი ჩვენამდე არ მოსულა“, – აცხადებს გიორგი ტყემლაძე droa.ge-სთან საუბარში.

გენგეგმის საბოლოო ვერსია ქალაქის მოწესრიგების სქემას 2030 წლამდე ითვალისწინებს. გენგეგმის ჯგუფის ავტორების პრიორიტეტი ქაოტური განაშენიანების რეგულირება და თბილისისთვის მწვანე დასასვენებელი სივრცეების განვითარება იყო. ამ მიზნების მისაღწევად ჯგუფის კონკრეტულ ამოცანებს არაერთი დაპირისპირებული მხარე გამოუჩნდა. მათ შორის, ყველაზე გახმაურებული დაპირისპირება ე.წ. ელიავას ბაზრობისა და თბილისის ზღვის ტერიტორიებს ეხება. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ რეკომენდაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, იქ, სადაც ახლა ქვიშა, ხრეში, ღორღი, ცემენტი, საბურავები და დაშლილი მანქანების ნაწილები იყიდება, სასურველია, აი, ასეთი ტიპის ცენტრალური დასასვენებელი პარკი მოეწყოს. თუმცა, ამ ტერიტორიის საკუთრებაში დანაწევრება 90-ანი წლებიდან დღემდე გრძელდება. მისი მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნება და საზოგადოებრივ სივრცედ ფორმირება ქალაქის მთავრობისთვის შეუძლებელ ამოცანად იქცა.

რაც შეეხება თბილისის ზღვას, „სითი ინსტიტუტის“ ექსპერტები სასმელი წყლის სანიტარიულ დაცვას ითხოვენ და სანაპიროდან 700 მეტრის რადიუსში განაშენიანებას სახიფათოდ მიიჩნევენ. არადა, წინა მთავრობების მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვები უკვე გაცემულია და იქ 10-15 ათასიანი დასახლება იგეგმება.

„აქ არის ძალიან მარტივი რამ – ჩვენ ვართ საკონსულტაცო კომპანია, რომელიც მერიამ კონკურსის შედეგად დაიქირავა. ჩვენ ვაძლევთ კონსულტაციას, როგორ მიგვაჩნია სწორად ქალაქის განვითარება, ძალიან მარტივი ფორმულა არის, იმ გამოცდილების მიხედვით, რომელიც არსებობს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმებთან დაკავშირებით და ევროპული გამოცდილებით, რადგან ჩვენ ჯგუფში ფრანგებიც გვყავდა, გერმანელებიც და ჰოლანდიელებიც. ჩვენ მოგებაზე მომუშავე ორგანიზაცია არ ვართ, მიღებული თანხა ხმარდება მომუშავე ექსპერტების ხელფასებს და იმ უცხოელებს, რომლებიც დაქირავებული გვყავდა და რომლებიც კიდევ გასასტუმრებელი გვყავს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებენ ჩვენ, მით უფრო გართულდება იმ ყველაფრის გათვალისწინება, რასაც გვეუბნებიან“, – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

გამოყენებულია city.kvira.ge-ს ფოტოები