სოზარ სუბარმა და თეა წულუკიანმა დავით ნარმანიას საქმიანობა შეაფასეს

617

დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის შეფასებით, დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას დროს ბევრი საქმე გაკეთდა და ის ნებისმიერ თანამდებობაზე წარმატებული იქნება.

“დავით ნარმანია იყო მერი, რომლის პერიოდშიც გაკეთდა ყველაზე მეტი, რაც კი ოდესმე გაკეთებულა თბილისის ისტორიაში, ადამიანი, რომელიც სისტემურად უდგებოდა თბილისში არსებული პრობლემების გადაწყვეტას. ძალიან დიდი მადლობა მას გაწეული სამუშაოსთვის.  ეს არის ადამიანი, რომელიც  ნებისმიერ თანამდებობაზე გააკეთებს ძალიან ბევრ საქმეს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ როგორც სამართლიანი, ისე უსამართლო კრიტიკის მიუხედავად, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, რაც მისი მერობის შემდეგ უფრო გამოჩნდება.

„მინდა დავით ნარმანიას მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან ძალიან ბევრ შემთხვევაში კრიტიკის ქარცეცხლში გასწია. ჩვენ თბილისლებეს, ვინც აქ ვცხოვრობთ და ვართ ამომრჩევლები, გვქონია თბილისის მერიასთან, თბილისის მერთან სხვადასხვა კითხვები, პრობლემები… არ არსებობს თანამედროვე დედაქალაქი მსოფლიოში, სადაც მაცხოვრებლებს პრობლემები არ აქვთ. მაგრამ, დღეს მის საქმიანობას რომ ვაფასებ, მგონია, რომ ვარ ობიექტური. ვფიქრობ, ამ ადამიანმა ჩუმად, ხანდახან სამართლიანი, მაგრამ ძირითადად ბევრი უსამართლო კრიტიკის მიუხედავად, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, რომელიც ის, რომ აღარ იქნება მერი, უფრო უკეთესად გამოჩნდება. ჩვენ ვიტყვით, რომ ეს იყო პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელიც არაპოლიტიზირებდა იმ საქმეს, რომელსაც ჩუმად და პროფესიონალურად აკეთებდა.

ასევე მინდა იმედი გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე მისი შემცვლელი მერი, რომელსაც თბილისელები, ვინც იქნება ის, ნდობას გამოუცხადებს, ამ საქმეს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, გერმანიაში ელჩად დავით ნარმანიას კანდიდატურა განიხილება თუ არა, წულუკიანმა უპასუხა: „დავით ნარმანიას მომავალი პოზიციების თუ შეთავაზებების შესახებ, გულწრფელად გეტყვით ჩემთვის არაფერია ცნობილი. მაგრამ, სადაც არ უნდა იყოს ის, მე მას მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ“.

წყარო: აიპრესი