პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილელებს ვეტო დაადო. მოტივირებულ შენიშვნებს მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს დღეს გადაუგზავნის. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ვეტო 6 კონკრეტულ პუნქტს შეეხო, საიდანაც პირველი 4 საკითხი “ქართული ოცნების” მიერ ვენეციის კომისიასთან აღებულ ვალდებულებებს ეხება.

“მოტივირებული შენიშვნები ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებულად დაიწერა. თუ აქამდე ჩვენ მოტივირებულ შენიშვნებს ჩვენი შეხედულებებიდან გამომდინარე ვწერდით, კონსტიტუციასთან მიმართებით გადაწყდა, რომ ამოსავალი ყოფილიყო ის მთავარი, რის თაობაზეც ამ ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობდი მეც და მთელი ქართული საზოგადოებაც. ეს არის შეთანხმება, კონსენსუსი და სწორედ შეთანხმებისა და კონსენსუსის სულისკვეთებით დაიწერა მოტივირებული შენიშვნები”, – თქვა პრეზიდენტმა.

“პირველი 4 საკითხი არის თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის საკითხები, ანუ ის, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ვენეციის კომისიასთან ვალდებულებად აიღო. ეს არის ბონუსის, ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. მეხუთე საკითხიც ასევე “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის და ამ საკითხზე მიმდინარეობდა განხილვები საყოველთაო განხილვების დროს. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენც ვსაუბრობდით, ეს არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი. ბოლო საკითხი კი პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება. ამასთან დაკავშირებით მე არ ავირჩიე ხისტი პოზიცია და შევთავაზე, გადავდოთ ეს საკითხი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ მმართველი პარტია კონსტიტუციას, არა პარტიული კონიუნქტურიდან გამომიდნარე, არამედ მომავალთან პასუხისმგებლობის სულისკვეთებითა და თანხმობით მიიღებს.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით 26 სექტემბერს, 117 ხმით მიიღო.

მსგავსი სიახლეები