“შენების მოძრაობა”: “პანორამა თბილისი” ლანდშაფტური ზონის მითვისებას გეგმავს

1327

„შენების მოძრაობისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დღეს საკრებულო გეგმავს სოლოლაკის ქედზე ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლას და პანორამა თბილისისთვის გოლფის მოედნის დამხმარე სათავსოების ასაშენებლად გადაცემას”, – ინფორმაციას “შენების მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის ცნობით, შპს „თაბორი რიზორთსი“, რომელიც “პანორამა თბილისს” აშენებს, 4677 კვ.მ. ტერიტორიაზე ითხოვს ფუნქციური ზონის ცვლილებას. კომპანია ითხოვს ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონას შეეცვალოს სტატუსი და სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭოს. “დედაქალაქს ისედაც მცირე რაოდენობის ლანდშაფტური ზონები გააჩნია, რომელსაც შენარჩუნება და მოვლა სჭირდება”, – აცხადებენ მოძრაობაში.

“ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონა გულისხმობს ტერიტორიის ხელშეუხებლად დატოვებას, რომლის გასხვისება დაუშვებელია. შესაბამისად, ცვლილების შემთხვევაში კომპანიის შემდეგი ნაბიჯი იქნება აღნიშნული ტერიტორიის შესყიდვა და იქ მშენებლობის განხორციელება.

პანორამა თბილისს დღეისათვის აქვს 397 576 კვ.მ. ტერიტორია საკუთრებაში, რომელიც განაშენებიანების რეგულირების გეგმის (გრგ) მიხედვით ითვალისწინებდა გოლფის მოედნის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობასაც. თუმცა, როგორც დოკუმენტებით ირკვევა აღნიშნული 397 576 კვ.მ. ამისთვის საკმარისი არ არის და დამატებით შპს „თაბორი რიზორთსი“ კიდევ 4677კვ.მ. ტერიტორიას ითხოვს.

კომპანიის არგუმენტები, რომ აღნიშნული ტერიტორია ინარჩუნებს სარეკრეაციო ზონას, არ არის საკმარისი, რადგან ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონის ცვლილება იძლევა ტერიტორიის გაყიდვის საშუალებას. აღნიშნული პრეცედენტის დაშვება იქნება პირდაპირი გამოხატულება იმისა, რომ თბილისს ახლო მომავალში ლანდშაფტური ზონები არ ექნება, რაც დუშვებელია.

გარდა ამისა, ამავე კომპანიას მოთხოვნილი აქვს პუშკინის სკვერის და ხელოვნების მუზეუმს შორის მდებარე 1900 კვ.მ ფართობის 1 ლარად გადაცემა. მიზანი მიწისქვეშა პარკირების მოწყობაა.

დამატებითი საპარკინგე ადგილები თბილისისთვის  მნიშვნელოვანია, თუმცა, ქალაქის ისტორიულ ნაწილში თბილისის საკრებულო ვალდებულია გადაწყვეტილებები განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღოს მისი გადაწყვეტილებები დაეფუძნოს ობიექტურ და კვალიფიიურ კვლევებს.

მოვუწოდებთ გარემოს დაცვის და ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიებს, რომელთა გაფართოებული სხდომათ ამ წუთებში იმართება საკრებულოში, ასევე თბილისის საკრებულოს თითოეულ დეპუტატს მხარი არ დაუჭირონ აღნიშნულ საკითხს”, – ნათქვამია “შენების მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.