პროექტის “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა” ფარგლებში, „რეგიონის განვითარების ცენტრმა ამბროლაურში შეხვედრა გამართა.

546

პროექტის “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა” ფარგლებში, „რეგიონის განვითარების ცენტრმა ამბროლაურში საბავშვო ბაღების მენეჯერებთან და აღმზრდელებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოებრივი თვითმმართველობის კონცეფცია.
დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შედიოდეს საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში, რა შეიძლება იყოს ადგილობლრივი თვითმმართველობის ვალდებულებები, როგორ უნდა განისაზღვროს საზოგადოებრივი თვითმმართველობის არეალი, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადა, სტატუსი და შექმნის წესი და რა ვადით უნდა ირჩეოდნენ საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები?!
შეხვედრის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ნორმატიული აქტების მიღების დროს, ბიუჯეტის შედგენისას, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის მაგალითად სოციალური დახმარებების გამოყოფა და განაწილება, თუ სხვა პრობლემური საკითხები, აუცილებელია საზოგადოებრივი საბჭოს ჩართულობა. მათი თქმით გადაწყვეტილების მიღება სწორედ საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე უნდა ხდებოდეს, თუმცა აუცილებელია, საბჭო იყოს დამოუკიდებელი თავის მოსაზრებებსა და გადაწყვეტილებებში და იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადგილობლრივი თვითმმართველობის ვალდებულებები კანონით უნდა განისაზღვროს. განსახილველ საკითხს უნდა მიენიჭოს სტატუსი და მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში უნდა გაეცეს პასუხი, თუმცა შეიძლება იყოს საკითხები რომელიც საჭიროებდეს მოკვლევას და ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული.
რაც შეეხება საზოგადოებრივი თვითმმართველობის არეალის განსაზღვრას, შეხვედრის მონაწილეები ფიქრობენ, რომ თავად მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს ყველაფერი დეტალურად სოფლის და ქალაქის სპეციფიკის გათვალისწინებით.
მათ თქმით, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევა უნდა ხდებოდეს ერთი წლის ვადით, ასევე გამორიცხული უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით არჩევა.
ჯგუფში მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები და კითხვები არ დაფიქსირებულა, თუმცა გამოითქვა ვარაუდი, რომ ასეთი ტიპის საბჭოს ჩამოყალიბება რაჭის რეგიონში გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.