საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში ოპოზიციასთან დაკავშირებული 1500-ზე მეტი „ფეიკ ექაუნთი“ და „ბოტი“ გამოავლინეს.
მისი თქმით, „ფეისბუქში“ დაახლოებით 20 ჯგუფი და 60-მდე გვერდია ოპოზიციასთან დაკავშირებული.
როგორც მდინარაძე ამბობს, ისინი ავლენენ კოორდინირებულ და არაავთენტურ ქცევას, ავრცელებენ ძირითადად ყალბ ახალ ამბებს და ხელისუფლების და ეკლესიის დისკრედიტაციას ახდენენ. ამასთან, მდინარაძემ პარტიების მიერ დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციაც გაასაჯაროვა.
„რაც შეეხება ხარჯებს, რამდენიმე უცნაურობას ვაწყდებით მაგრამ საერთო ჯამში დარღვევა სახეზეა, მაგალითად, „ევროპულ საქართველოს“, რაც მიკვლევადია „ფეისბუქის“ ღია წყაროებით და ამაზე ძალიან კარგად იმუშავეს ჩვენი პარტიის შესაბამისი რგოლის წარმომადგენლებმა, დაუფიქსირდა ხარჯვა 209 165 ლარი, თუმცა, მათ პირველიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით დადეკლარირებლი აქვთ 346 534 ლარი, რაში დახარჯეს ასე ღია წყაროებში არ ჩანს, თუმცა, როგორც ჩანს ან თავი დაიზღვიეს ან ისეთ „ექაუნთებზე“ აქვთ გაშვებული ეს თანხა, რომელიც პირდაპირ არ ილინკება მათთან. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ სხვა დანაყოფებს, თავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რაც მიკვლევადია ხარჯავს ამ პერიოდში 148 450 ლარს, თუმცა, დეკლარირებული აქვს მხოლოდ 69 949 ლარი. პარტია „ლელოს“ დახარჯული აქვს 247 151 ლარი, ხოლო დადეკლარირებული აქვს 34 639 ლარი. „სტრატეგია აღმაშენებელს“ 3 ძირითად „ფეისბუქ“ გვერდზე, რომლითაც „ფეისბუქ“ არეალში მოქმედებს, დახარჯული აქვს 228 873 ლარი და წარმოიდგინეთ, ერთ კაცზეა საუბარი, აქ არანაირი გუნდი რეალურად არ არსებობს, ამ ერთ კაცს საკუთარ პიარში 228 873 ლარი აქვს დახარჯული, რაც ღია წყაროებიდან ჩანს, ხოლო დეკლარაციაში შეტანილი აქვს მხოლო 91 537 ლარი“,- განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, კითხვაზე, არსებობს თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული „ფეიქ ექაუნთები“, მდინარაძე ამბობს, რომ ერთეული შემთხვევები ყოფილა.
„ჩვენთვისაც ცნობილი გამხდარა კონკრეტული შემთხვევების შესახებ, როდესაც მსგავს ქმედებებს და არა ასეთ სიბინძურეებს, ჩვენი მხარდამჭერებიც აწარმოებენ, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები. „ფეისბუქმა“ თავის დროზე, როდესაც გვერდები დაბლოკა, ვერ მიუთითა, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ – თქვა, რომ ისინი მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“. მაგრამ, როდესაც დაბლოკა „ნაცმოძრაობის“ გვერდები, აქ იყო პირდაპირი მითითება. ამაშიც არის განსხვავება. ამ შემთხვევაში „ფეისბუქთან“ დაკავშირებით ზედმეტ სიწმინდეზე თავს არავინ დებს. თუმცა, როდესაც ერთეული შემთხვევები და სისტემური ხასიათის მავნებლობა და უკიდურესი სიბინძურე არსებობს, ჯერ უნდა ვისაუბროთ ამ სისტემაზე, რომელიც შექმნილი აქვს კონკრეტულ პარტიებს და შემდეგ, ასევე დავგმოთ კონკრეტული „ექაუნთები“, რომლებიც თუნდაც ხელისუფლების სასარგებლო პოზიციებს გამოხატავენ, თუ ის სიყალბის გამავრცელებელია“,- განაცხადა მდინარაძემ.