გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობის სტრატეგიული გეგმა თვითმმართველობების დაფინანსების გაორმაგებას ითვალისწინებს

447

მომდევნო 10 წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება გაორმაგდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, თვითმმართველობების დაფინანსების გაორმაგებას საქართველოს მთავრობის სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებს.

”ჩვენი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდება ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება. ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს იმასაც, რომ მაღალი დონის პროფესიონალები დაბრუნდებიან თავის რეგიონში და იმუშავებენ ჩვენი ქვეყნის და მათი საკუთარი კუთხის სასიკეთოდ. ამ ყველაფრისთვის საჭიროა ჩვენი ერთსულოვნება, გაერთიანება იმისთვის, რომ ერთობლივი ძალით და ძალისხმევით, ერთად დგომით და სიყვარულით დავძლიოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს წინაშე დგას, სტაბილურობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო და ის დაბალანსებული პოლიტიკა, რასაც ვეწევით ქვეყნის შიგნით და გარეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მშვიდობის შესანარჩუნებლად და იმ სტრატეგიული ხაზის გასაგრძელებლად, რაც ევროპის ნამდვილ წევრად გახდომას გულისხმობს. ამ ყველაფრისთვის ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადგილობრივი ხელისუფლებები, რათა მათ თავიანთი ხალხის განვითარების პულსზე ედოთ ხელი და მიიღონ ყველაზე სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილებები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი