საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იქნება, ბაღდათში – არჩილ გოგსაძე, ვანში – ალექსანდრე გოგორიშვილი, თერჯოლაში – ბონდო სოფრომაძე, სამტრედიაში – ვალერიანე ფოცხვერია, საჩხერეში – ბენიამენ ფალავანდიშვილი, ტყიბულში – თემურ ჩუბინიძე, წყალტუბოში – გრიგოლ იოსელიანი, ჭიათურაში – პაატა ნადირაძე, ხარაგაულში – ნიკოლოზ თოფურიძე, ხონში – ლადო ჯურხაძე, ხოლო ზესტაფონში კახაბერ მახათაძე.
პრემიერის განცხადებით, იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატები ხალხისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის მაქსიმუმს გააკეთებენ.
მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქართველი ხალხის უმრავლესობამ „ქართულმა ოცნებას“ ნდობა უკვე ოთხჯერ გამოუცხადა.
„ოქტომბერში თქვენ ისევ გეძლევათ საშუალება გადაწყვიტოთ, ვის ჩააბაროთ და ანდოთ საკუთარი ქალაქი, რაიონი თუ სოფელი, რომელი პოლიტიკური ძალა იფიქრებს და იზრუნებს თქვენი სოფლის, რაიონისა თუ ქალაქის ბედზე, ხალხის საჭიროებებზე, მათთვის ცხოვრების უკეთესი და ღირსეული პირობების შექმნაზე. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ძალისხმევას არ იშურებს, რომ სწორი მიმართულებით და წინ წაიყვანოს ქვეყანა, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქუთაისი ძველ დიდებას დაიბრუნებს, ხოლო „ქართული ოცნების“ გამარჯვება თითოეული მოქალაქის გამარჯვება იქნება.
„ყველა არჩევნებში თქვენ „ქართული ოცნების“ გვერდით იდექით და ჩვენ ეს ბრძოლა ყოველთვის გამარჯვებით დავაგვირგვინეთ. მჯერა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც, 21 ოქტომბერს, ჩვენ გვერდით იქნებით და მხარს დაუჭერთ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება თითოეული თქვენგანის გამარჯვება იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ქუთაისში შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემაც მიმართა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საქართველოში თვითმმართველობის სწორად ორგანიზება და განვითარება მოხდეს, რადგან ქვეყნის ძლიერება სწორედ ძლიერ თვითმმართველობაზეა დამოკიდებული.
კალაძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს და ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის სრულყოფისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, ასევე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მუშაობას მომავალშიც განაგრძობს.
„ქართული ოცნება“ ეს არის გუნდი, რომელიც ქმნის საქართველოს რეალობას – პერსპექტიულს და პროგრესულს. ჩვენი ოცნებაა, ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ისეთი საქართველო, რომელიც საუკეთესო ქვეყანა იქნება მთელ მსოფლიოში – მშვიდი, უზრუნველყოფილი და განვითარებული“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა
„ქართულმა ოცნებამ“ დღეიდან, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა დაიწყო.