სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე, რომ შესაბამისი პირობები ყველგან დაცული იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაწესდება სერიოზული მეთვალყურეობა და დარღვევებზე ჯარიმებიც იქნება გათვალისწინებული.
„შესვლისას თერმოსკრინინგი; ყველა პირებადეებით; ყველა მაღაზიაში, თუ დახლთან პირბადეებით მუშაობა; სოციალური დისტანცირება; ერთმანეთთან ახლოს არყოფნა და ხელების ხშირი დამუშავება სანიტაიზერებით – ეს აუცილებელია და ამაზე იქნება ძალიან სერიოზული მეთვალყურეობა, შესაბამისი ჯარიმებიც, შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებები და ასე შემდეგ. ამის გარეშე, შედარებით მკაცრი ღონისძიებების გატარების გარეშე არის რისკი, რომ ინფექცია კიდევ უფრო გავრცელდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1073 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 907 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 15 ადამიანი.