აჭარის მთავრობა ადლიაში 5 ჰექტარამდე მიწას პირობებით ჰყიდის – კვადრატული 98 ლარად

301

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ადლიის/კახაბრის/ მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე 49 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ელექტრონულ აქციონზე პირობებით ჰყიდის. საწყისი ფასი 4,7 მლნ ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 120 000 ლარი. შესაბამისად, 1 კვ.მ-ის საწყისი გასაყიდი ფასი 97,9 ლარია.

აუქციონის პირობები: მყიდველი ვალდებული იქნება შეძენილ ნაკვეთზე აამოქმედოს საწარმო, რაშიც არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მასვე ევალება, საწარმოს ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ამავე საწარმოში არანაკლებ 50 საქართველოს მოქალაქის დასაქმებაც.

საბოლოო საპრივატიზებო საფასურის [“ბე“-ს (საწყისი საპრივატიზებო საფასურის 25%-ის ოდენობით) გამოკლებით] გადახდა აუქციონის დასრულებიდან თანაბარწილად, 3 ეტაპად, კერძოდ:
2021 წლის 20 ივნისამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2021 წლის 20 დეკემბრამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2022 წლის 20 ივნისამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.

შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;

ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი „სამრეწველო ზონა 1“-ის შესაბამისი საწარმოს მშენებლობის ნებართვის მიღება;

ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიხედვით საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა/ნაგებობის ექპლოატაციაში მიღება;

ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე, საწარმოს ამოქმედება (წარმოების ხაზი, გარდა ინერტული მასალების წარმოებისა);

საწარმოს ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში არანაკლებ 50 საქართველოს მოქალაქის დასაქმება;

დასაქმებულთა რაოდენობისა და საწარმოს პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში;

აღნიშნულ პროექტში არაუგვიანეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 20 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 30 ივნისს დასრულდება.