ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

488

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად, სოფლებში პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

“სოფელ ჭელიაღელეში, კოტორაშვილების უბანში მიმდინარეობს წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია. სამუშაოებს შპს “ქუთაისის წყალმშენი“ ასრულებს. პროექტის ღირებულებაა 165 000 ლარი.

ასევე, მიმდინარეობს ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელსაც შპს “ორნამენტი” ასრულებს. პროექტის ღირებიულება 380 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული გზის დასრულების შემდგომ 5 სოფლის მცხოვრებლები ცენტრალურ მაგისტრალს კომფორტული გზით დაუკავშირდებიან.

აგრეთვე, სოფელ ჭყვიშში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია. შემსრულებელი კომპანიაა შპს” პირამიდა”, სახელშეკრულებო თანხით 171 000 ლარი“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის ცნობით, არჩილ ჯაფარიძემ კომპანიების წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამუშაოები მაღალი ხარისხით და ვადების დაცვით უნდა შესრულდეს.