ქობულეთში, მემედ აბაშიძის 116-ნომერში შესახლებული მეწყრის შედეგად დაზარალებული, სოციალურად დაუცველი 8 ოჯახი, წლებია ერთი მრიცხველით სარგებლობს. მათ დაახლოებით 700-800 კილოვატი ელექტრო ენერგია აქვთ გახარჯული და მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათით ვერ სარგებლობენ. ისინი ცალ-ცალკე მრიცხველების დამონტაჟებას ან ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
სიტუაციას ადგილზე ქობულეთის მერი გაეცნო. მირიან ქათამაძე შესახლებულებს ვითარების გარკვევას და დახმარებას დაჰპირდა. სემეკი სატელეფონო კომენტარში განმარტავს, რომ ყოფილი სკოლის შენობაში შესახლებული 8 ოჯახი აბონენტებად დარეგისტრირებული არ არის, შეღავათი კი კონკრეტულად ერთ მრიცხველზეა გათვალისწინებული და ის 200-კილოვატს არ უნდა აღემატებოდეს.