კოლხურ ჰაბიტატებს და ჭარბტენიან ტერიტორიებს შესაძლოა ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

463

საქართველოში კოლხური ჰაბიტატების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების (ICUN) ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამუშაო პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ ქართულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა.

როგორც იური ნოზაძემ აღინიშნა, ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის განხილვა რეგიონში უპრეცედენტო შემთხვევაა. მან იმედი გამოთქვა, რომ სტატუსის მინიჭების საკითხი დადებითად გადაწყდება.

ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების ექსპერტის ჯოზეფინე ლანგლის განცხადებით, საქართველოში კოლხური ჰაბიტატების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მზადდება შესაბამისი დოკუმენტი იუნესკოს ოფისში წარსადგენად.