ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფო პროექტის “დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შპს წითელმა ბაღმა ახალი ინტენსიური ჟოლოს ბაღი გააშენა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს წითელი ბაღი პროექტში 2017 წელს ჩაერთო და 4.21 ჰა-ზე ჟოლოს ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 40 000 ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღო, რომლისგანაც 31 185 ლარი ნერგების თანადაფინანსებისთვის, ხოლო 9 746 ლარი საირიგაციო სისტემისთვის იყო განკუთვნილი.
“აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ გაშენებული ჟოლოს ბაღი ეკო ზონაში მდებარეობს და კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს „Global Gap-ის” პირველადი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აიღოს.
პროექტის “დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 7,530 ჰექტარზე. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 41,534,289 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 2,925 ჰა მიწის ფართობზე“, – აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს “ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.