სულხან-საბა ორბელიანი გორში – გრაფიტი, რომელიც მოუხდა ქალაქს

1186

გორში, ქუთაისისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, ერთი შენობის კედელზე სულხან-საბა ორბელიანის გრაფიტი გაჩნდა, რომელიც 25 ივნისს საბაუნის წარმომადგენლებმა დახატეს.

სულხან-საბა ორბელიანის გორში “გამოჩენაზე” qartli.ge წერს.

სულხან-საბა ორბელიანი უკვე გორშიც დაგხვდებათ და შეგახსენებთ, რომ განათლება თქვენი წარმატებული ცხოვრების საწინდარია, – აღნიშნავენ საბაუნის (სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი) წარმომადგენლები.

გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი მოქალაქე ნახატს პატივისცემით ნიშნად ეამბორა კიდეც. გამვლელებისთვის ის სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს.

“გორთან დაკავშირებით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ქალაქიდან დაიწყო სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში, რაც ერთხელ კიდევ მიგვანიშნებს გორის დიდ მნიშვნელობაზე მე-18 ს. პირველი მეოთხედის ქართლის სამეფოში” – წერს გორელი ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი თავის წიგნში ,,გორის ისტორია”.

ვახტანგ VI 1712 წლის 23 აპრილს ირანს გაემგზავრა. მის ამალაში იყო სულხან-საბაც. იმავე წლის დასასრულს ვახტანგმა თავისი ბიძა და აღმზრდელი უკან დააბრუნა. სულხან-საბა ვახტანგის ოჯახთან დასახლდა გორში, რადგან ირანში გამგზავრების წინ ვახტანგმა დედოფალი და შვილები გორში დატოვა.

სულხან-საბამ გორში გაიცნო ფრანგი აბატი ჟან რიშარი, რომელიც ირანიდან ჩავიდა. რიშარმა კი, ირანში ვახტანგ მეფე გაიცნო და მის მესაიდუმლედ იქცა. გორში ჩამოსვლისას რიშარმა საბას მეფის წერილი გადასცა. ელდარ მამისთვალიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ამ წერილის შემდეგ, სულხან საბამ ევროპაში წასვლა გადაწყვიტა და ქვეყნის გადარჩენის მიზნით მხარდამჭერები მოეძებნა.