უკანაფშავში, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის სოფელ ვაკისოფელში პირველად ჩაირთო ინტერნეტი. წლებია, რაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან ამ პრობლემის გადაჭრასა და ხეობის ინტერნეტიზაციას მოითხოვდა.
“ეს იყო დიდი ხნის ოცნება და დღეს ახდა. სადღაც ოთხი-ხუთი წელია ვითხოვდით, რომ უკანაფშავსა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში ყოფილიყო ინტერნეტი და გაჩენილიყო ინტერნეტზე დაფუძნებული სატელეფონო კავშირი”, – ამბობს ნოდარ ტოხოსაშვილი, რომელსაც ვაკისოფელში მეურნეობა აქვს და ზაფხულს იქ ატარებს.
ამის შესახებ ინფორმაციას “მთის ამბები” ავრცელებს.
მთის ამბების ინფორმაციით, ფშავ-ხევსურეთში არცერთი სოფელი, სადაც ერთი ადამიანი მაინც ცხოვრობს, ინტერნეტის გარეშე არ დარჩება.
“უკანაფშავში – ხომში, შუაფხოში, თხილიანაში, მუქოში, ხოშარაში, ახადში, ვაკისოფელში; პირაქეთა ხევსურეთში – ბარისახოსა და კორშაში მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია. შემდეგი ადგილი – არხოტის უღელტეხილი და არხოტის სოფლებია – ახიელი, ამღა და ჭიმღა”, -წერს გამოცემა.
ინტერნეტიზაციის პროექტს ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია (მთის სათემო ქსელი) ამერიკული ორგანიზაციის “ინტერნეტსაზოგადოება”, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში Wi-Fi ინტერნეტით ფშავში 17, უკანაფშავში 10, პირაქეთა ხევსურეთში 18, პირიქითა ხევსურეთში 8, არხოტში 3 და გუდამაყრის ხეობაში 13 სოფელი დაიფარება.