ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები პრესკონფერენციაზე წარადგინა.
წინასწარი შედეგებით, ხუთივე მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო, ხოლო მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება.
მარნეულში, სადაც 90 უბნიდან 81 დათვლილია, “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა – 7.73%, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა აგირ მუსტაფაევმა – 11.6%, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ზაურ დარგალმა ხმათა 79.8% მიიღო.
ზესტაფონში, სადაც 53 უბნიდან 52 დათვლილია, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ხმათა 34.29%, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ხმათა 50, 57% მიიღო. შეცვლის თუ არა შედეგებს 1 საარჩევნო ოლქის დაუთვლელი შედეგები და გახდება თუ არა საჭირო მეორე ტური, ჯერ უცნობია.
ჭიათურაში, სადაც 58 უბნიდან 57 დათვლილია, სახელისუფლო კანდიდატმა 64.37% დააგროვა.
ზუგდიდში, სადაც 107 უბნიდან 74 დათვლილია, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმათა 42.75%, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54.45% დააგროვა.
ხულოში 54 უბნიდან 54-ვეა დათვლილი და პირველადი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ხმათა 23.74%, ქართული ოცნების კანდიდატმა კი ხმათა 70.91% დააგროვა.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, უკვე დათვლილია საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგებიც, რომლებიც ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
რაც შეეხება მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქს, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრს ირჩევდნენ, აქ 31 უბნიდან 27 უბანია დათვლილი და პირველადი მონაცემებით, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ხმათა 36.72%, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 41.28% დააგროვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. მეორე ტური, კანონმდებლობის თანახმად, 13 ივნისამდე უნდა დაინიშნოს.