ზუგდიდის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობა გაუქმდა

505

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თამადებობის პირთა საშტატო ერთეულის ნუსხაში ცვლილებები შევიდა.

საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით გაუქმდა მერის ერთი და საკრებულოს თავმჯდომარის ორი თანაშემწის თანამდებობა. სამივე საშტატო ერთეული შეიცვალა მთავარი სპეციალისტის პოზიციით.

საკრებულოს იურდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ნუგზარ სარიას განცხადებით, ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციით ხორციელდება.

მისი სიტყვებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ახალ რედაქციაში არ არის გათვალისწინებული თანაშემწის საშტატო ერთეული. შესაბამისად აუცილებელი გახდა მისი გაუქმება და მთავარი სპეცილისტის ნუსხაში დამატება.

როგორც ნუგზარ სარიამ აღნიშნა, ცვლილება ფინანსური თვალსაზრისით თანხების დაზოგვასაც გამოიწვევს. თუ ადრე თანაშემწის პოზიციაზე მყოფ პირს 1 300 ლარი ერიცხებოდა, მთავარი სპეციალისტების ხელფასი 1 200 ლარს არ აღემატება.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოზიციებს იკავებდნენ გობრონ ჯახია და ეკატერინე კიფაია. მერის თანაშემწე კი შორენა ჩერქეზია იყო.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს ჩატარდა.

 

წყარო: ლაივპრესი