თბილისში ურბანული ინიციატივების კონკურსი – “ჩემი უბნის იდეა“ დაიწყო

524

მათ ვისაც, პოზიტიური ცვლილებები სურს ქალაქში, აქვს იდეა, რომელსაც საკუთარ უბანში განახორციელებდა და იცის, როგორ გადაჭრას პრობლემა სამეზობლოში, ორგანიზაცია “იარე ფეხით“ აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს ურბანული ინიციატივების კონკურსში -“ჩემი უბნის იდეა“.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამისათვის საჭიროა მოქალაქემ შეიტანოს განაცხადი, რის შემდეგაც მიიღებს ფინანსურ და სხვა სახის მხარდაჭერას ინიციატივის განხორციელებისათვის. თითოეული ინიციატივისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ბიუჯეტი 1 400 ლარია.

“ინიციატივა შესაძლოა შეეხებოდეს გამწვანებას, მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი სივრცეების, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ან ნებისმიერი სხვა საერთო სარგებლობის ადგილის  კეთილმოწყობას თბილისში.

მონაწილეობის მსურველი აუცილებელია, ცხოვრობდეს თბილისში და იყო 16 წელზე მეტის (16 წლამდე განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ მშობლების თანხმობა)”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

განაცხადის წარსადგენად საჭიროა მოქალაქემ ორგანიზაციას მოკლედ გააცნოს საკუთარი იდეა და თან დაურთოს შევსებული სააპლიკაციო ფორმა ან მონაცემები ალტერნატიულად გადაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე iarepekhit@gmail.com-ზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 იანვარი, ხოლო ჟიურის მიერ შერჩეული 3 გამარჯვებული ინიციატივის ავტორი გამოვლინდება 2019 წლის 25 იანვარს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.