ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა 59.1%. ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.9% მიიღო, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია PVT-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი უბნების 99.9%-დან. 95%-სანდოობის ინტერვალით.
ცხრილში მოცემულია მეორე ტურის შედეგები, რომლისთვისაც ცდომილების ზღვარი შეადგენს +/-0.8%, 95%-სანდოობის ინტერვალით.
კანდიდატი |
გამოთვლილი პროცენტი |
ცდომილების ხარისხი |
მინიმალური შედეგი |
მაქსიმალური შედეგი |
#48 სალომე ზურაბიშვილი | 59.1% | 0.8% | 58.3% | 59.9% |
#5 გრიგოლ ვაშაძე | 40.9% | 0.8% | 40.1% | 41.7% |
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათილად ცნობილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით 3.0% შეადგინა (+/- 0.1% ცდომილებით). ეს მაჩვენებელი სტატისტიკურად პირველი ტურის მონაცემის მსგავსია (3.2%). აღსანიშნავია, რომ თბილისის მასშტაბით ბათილად ცნობილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი 4.5%-ია, რაც წარმოადგენს ზრდას პირველ ტურზე თბილისში ბათილი ბიულეტენების პროცენტულ მაჩვენებელთან შედარებით (4.1%).
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 56.2% შეადგინა (+/-0.7% ცდომილების ხარისხით). აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება პირველი ტურის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემს (46.6%).