საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების განსხვავებული შედეგები

842

20:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დასრულებისთანავე, სამი ეგზიტპოლის შედეგი გახდა ცნობილი.

“ქართული ოცნების” დაკვეთით “ფსიქოპროექტის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს.

ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო – 52.3%, მეორე ადგილზეა გრიგოლ ვაშაძე 28.1%-ით, მესამე ადგილზე – დავით ბაქრაძე 9.2%-ით, მეოთხე ადგილიზე კი – ზურაბ ჯაფარიძე 3.3%ით.

ეგზიტპოლი 100 უბანზე ჩატარდა და მის ფარგლებში 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა. “ქართული ოცნების” ცნობით, მათი ეგზიტპოლის შედეგების ცდომილება 2.6%-ია.

გამოქვეყნდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით “Edison Research”-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, 16:00 საათის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 40-40% სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მიიღეს. დავით ბაქრაძემ – 10%; შალვა ნათელაშვილმა – 3%; დავით უსუფაშვილმა – 2% და ზურაბ ჯაფარიძემ – 2%.

კიდევ ერთი ეგზიტპოლის მიხედვით კი, რომელიც “ევროპული საქართველოს” დაკვეთით, BCG Research–მა ჩაატარა, გრიგოლ ვაშაძემ – 37%; სალომე ზურაბიშვილმა – 34%, დავით ბაქრაძემ – 17%; შალვა ნათელაშვილმა – 5% და სხვა კანდიდატებმა 7% მიიღეს.

***

ინფორმაცია  “Edison Research”-ის ეგზიტპოლის შესახებ

ეგზიტ პოლებში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანმიმდევრობა_Edison Research_28.10.2018