სოფლის ტურიზმის ფესტივალი უამინდობის გამო გადაიდო. “განდაგანა“ ხვალ გაიმართება და ორ დღეს გაგრძელდება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ორი დღით აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი თავისებურებებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი, რაც სტუმრებს საშუალება მისცემს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.
სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ – მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს.
სოფლის ტურიზმის ფესტივალ “განდაგანას“ მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების თემატური კუთხეები. ამასთან, სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში.
ფესტივალი 2015 წლიდან რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. უწყებას ფესტივალისთვის 76 900 ლარი აქვს გამოყოფილი.