უნდა შემცირდეს თუ არა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა?

534

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანებას აპირებს. ამ საკითხზე სამინისტროში მსჯელობა უკვე დაწყებულია და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე არგუმენტსაც ასახელებენ.

საუბარია ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე.

“მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, რადგან გაყოფა არ გამოდგა ეკონომიკური აქტივობის წახალისების საფუძვლად. მინიმუმ, გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები, ერთის მაგივრად ორი თვითმმართველი ერთეულის და, შესაბამისად, მათი ორგანიზაციების შექმნის შედეგად. კაპიტალური ხარჯების მოცულობა შემცირდა მიმდინარე, მათ შორის, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის პროპორციულად, რაც ნეგატიურად აისახება როგორც თვითონ მუნიციპალიტეტების, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე,” – აღნიშნულია განცხადებაში.

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ამასთან დაკავშირებით ერთიანი მიმართვაც გაავრცელეს.

უნდა შემცირდეს თუ არა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა? ეს კითხვა “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  ძნელია რაიმეს თქმა, მთავარია, იყოს სიფრთხილე, იმიტომ რომ თითქმის აპრილის ბოლომდე საკმაოდ რთული პერიოდია. შეცდომების დაშვების ალბათობა ამ დროს ძალიან მაღალია, რაც მერე შეიძლება ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებას.

ამიტომ, ვურჩევდი, ძალიან ფრთხილად აწონ-დაწონონ საკითხი, რათა შეცდომები არ დაუშვან. წვრილმანებს რომ ჩავეძიოთ, უნდა ვიცოდეთ ბევრი დეტალი, რატომ, რისთვის კეთდება და ვის ინტერესებშია. ვინაიდან ეს ყველაფერი ჩემთვის უცნობია, ამიტომ შემოვიფარგლები ზოგადი პასუხით.

ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): მე მგონი, იმდენად არ აპირებს, როგორც ცდილობს, მოსინჯოს საზოგადოებრივი აზრი. გავეცანი არასამთავრობოების ერთობლივ საპროტესტო წერილს, ვნახე, რომ ყველა წინააღმდეგია. ადამიანებმა დაიწყეს იმის შეგრძნება, რომ მათია ქალაქი, მუნიციპალიტეტი, გარემო. ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ნაკლები ნდობის ფონზე ეს არის ის საპირწონე, რომელიც ჩვენს ცხოვრებას მიუახლოვებს ევროპულ სტანდარტებს.

არა მგონია, ეს სერიოზულად მოხდეს, ვფიქრობ, საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვას ცდილობენ. ცხადია, მე ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები.

ქეთი ბექაური (ადვოკატი):  არ ვიცნობ ამ საკითხს, არ ვიცი, რასთან არის დაკავშირებული და რას მოგვცემს, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ეს თუ გააუმჯობესებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, არ ვიცი.

დოდო ხურცილავა თეატრმცოდნე): დეტალებში ვერ ვერკვევი, მაგრამ, მგონი, არ უნდა გაუქმდეს. ამას ვერ დავასაბუთებ, მაგრამ მგონია, რომ შემცირება არ არის კარგი. უმჯობესია, ქალაქებს და იქ დარჩენილ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, საკუთარი ძალებით მართონ ქალაქი. ამ ადამიანებმა უკეთ იციან, რა სჭირდება მათ ქალაქს. ასე რომ, უმჯობესი იქნება, თუ ამას არ შეეშლება ხელი.

წყარო: რეზონანსი